ახალი ამბები
სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების წესებში ცვლილებებია
FaceBook
2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებს A, B და C ტიპის ტესტის არჩევა აღარ მოუწევთ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აღნიშნული სრულად მოხსნის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. აპლიკანტები ერთ ტესტს ჩააბარებენ, რომელიც კვლავ 4 ნაწილისგან იქნება შედგენილი: ესენია: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. ამათგან წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური მსჯელობის ნაწილები დარჩება ისეთივე, როგორიც 2017-2019 წლების ტესტებში იყო.

ანალიტიკური წერის ნაწილში კვლავ ორი დავალება დარჩება, თუმცა აღარ იქნება სამართლის მიმართულებაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის განკუთვნილი სპეციფიკური დავალება; ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილი საშუალო სირთულის გახდება, ანუ რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში ცენტრი მაგისტრანტობის კანდიდატებს 2017-2019 წლების ტესტებში გამოყენებული რთული და მარტივი ვარიანტების გასაშუალოებულ ვერსიას შესთავაზებს.

ტესტის ნიმუში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge 15 თებერვლამდე გამოქვეყნდება.
Print