ახალი ამბები
"თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ" - ჩინეთში მცხოვრები ქუთაისელი გოგონა კორონა ვირუსთან დაკავშირებით
FaceBook
26 წლის, ანა საკანდელიძე ქალაქ სუჭოუში, ჯიანგსუს პროვინციაში ცხოვრობს და ამბობს, რომ თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რადგან სიტუაცია კონტროლირებადია.

"თავს აქ უსაფრთხოდ ვგრძნობ, რადგან საკვები მომარაგებული მაქვს. თუ წყალი ან წამალი მჭირდება, მიტანის სერვისს ვიყენებ. ასე რომ, ასე თუ ისე თავდაჯერებულად და დაცულად ვარ. კაფეებში შესვლისას ამოწმებენ ტემპერატურას. მთავრობა ყველანაირად უწყობს ხელს ვირუსის გავრცელების პრევენციას. საახალწლო არდადეგები გაგრძელდა 19 თებერვლამდე ამჟამინდელი მონაცემებით. მაქსიმალურად ცდილობენ ქუჩაში მიმოსვლის შემცირებას. ასევე, ხალხის ინფორმირებას ვირუსისგან თავდაცვის შესახებ. მხოლოდ სუპერმარკეტები და აფთიაქები მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში. ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს ხდება არა იმიტომ რომ სიტუაცია ყველა პროვინციაში მწვავეა, არამედ პრევენციის მიზნით", - ამბობს ანა საკანდელიძე. 

ანას თქმით, ამჟამად ყველაზე მეტად საქართველოზე დარდობს, რადგან ამ დღეებში ბევრი ქართველი ბრუნდება ჩინეთიდან და ვირუსის გავრცელების საფრთხე შეიძლება დიდი იყოს.

"ჩვენი ქვეყანა ვერ დახვდება ისე მობილიზებულად, როგორც სხვა ქვეყნები.  ჩინეთიდან ჩასულ ბევრ ქართველს, ვინც ანალიზების ასაღებად მივიდა კლინიკაში, უთხრეს რომ არ შეუძლიათ დაადგინონ არის თუ არა ინფიცირებული, რადგან კორონა ვირუსის მონაცემები არ აქვთ.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული. ქვეყანაში სულ 4 ინფექციური კლინიკაა. ბაზაში არსებობს 12 ბოქსირებული, სრული საიზოლაციო განყოფილება, რომლებსაც გარედან ცალკე შესასვლელი და გამოსასვლელი გააჩნია.

ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ კორონავირუსის დაფიქისრების შემთხვევაში, ქვეყანა მასთან საბრძოლველად მზადაა. კორონავირუსი უკვე მსოფლიოს 25 ქვეყანაშია გავრცელებული. ბოლო მონაცემებით, ვირუსით 259 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების ყველა შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა.
Print