ახალი ამბები
ქუთაისის საავადმყოფოებში კარანტინი გამოცხადდა
FaceBook

ქუთაისის საავადმყოფოებში კარანტინი გამოცხადდა, თუმცა, სამედიცინო დაწესებულებებში აცხადებენ, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და გამკაცრებული ზომები სეზონური, ვირუსული გრიპის პრევენციას უკავშირდება.


კარანტინი გამოცხადებულია ინტერვენციული მედიცინის ცენტრსა და ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში. დაწესებულებებში შეზღუდულია მნახველების რაოდენობა, დამცავი საშუალებებით გადაადგილდებიან კლინიკების თანამშრომლები.


"კარანტინი გამოცხადებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საერთო რეკომენდაციით. გამკაცრებულია მნახველების შემოსვლა და ექიმები პირბადით გადაადგილდებიან, მაგრამ საგანგაშო არაფერია. ეს მხოლოდ უკავშირდება პრევენციას",-აცხადებს ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ლალი არველაძე.

მისივე თქმით, კლინიკაში რამდენიმე დღის წინ შესულ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც საფრანგეთიდნ ჩინეთის მოქალაქესთან ერთად იმგზავრა, კორონავირუსი არ დაუდგინდა.

"პაციენტმა მოგვმართა მაღალი ცხელებით და გვითხრა, რომ იმგზავრა ჩინელთან ერთად, მაგრამ მას არ დაუდგინდა კორონავირუსი. ახლა თავს კარგად გრძნობს. გრიპის ვირუსის მძიმე სიმპტომებით პაციენტი არ გვყავს",-ამბობს  ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი.


დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორი, ანჟელა ორჯონიკიძე  ამბობს, რომ კარანტინის გამო საავადმყოფოში მხოლოდ მნახველების შესვლა შეიზღუდა.

"როდესაც არის ვირუსული ეპიდემია, მაგრამ ვაკონკრეტებ, აქ კორონავირუსზე არ არის სუბარი, საუბარია გრიპის ვირუსზე, სასურველია შეიზღუდოს მნახველების რაოდენობა, რათა დავიცვათ როგორც პაციენტები, ასევე, მათი ახლობლები",-აცხადებს ანჟელა ორჯონიკიძე.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული.
ქვეყანაში სულ 4 ინფექციური კლინიკაა. ბაზაში არსებობს 12 ბოქსირებული, სრული საიზოლაციო განყოფილება, რომლებსაც გარედან ცალკე შესასვლელი და გამოსასვლელი გააჩნია. ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ კორონავირუსის დაფიქისრების შემთხვევაში, ქვეყანა მასთან საბრძოლველად მზადაა. 

კორონავირუსი უკვე მსოფლიოს 25 ქვეყანაშია გავრცელებული. ბოლო მონაცემებით, ვირუსით 259 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების ყველა შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა.

Print