ახალი ამბები
"მაგათ დროს ყოველ მეორე თვეში გაიცემოდა პრემია"- ქუთაისის მერია ოპოზიციის ბრალდებაზე
FaceBook
ქუთაისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, "ევროპული საქართველოს" ბრალდებებს ადმინისტრაციული ხარჯების ზრდასთან დაკავშირებით, დემაგოგიურს უწოდებს.
ზვიად ჯავახიას თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ქუთაისის მერია ბოლო ორი წელია ამ მიზნით არ შეუმოწმებია და ოპოზიციას საზოგადოება შეცდომაში შეყავს.

"აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, შიდა აუდიტის სამსახურში მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას ინფორმაციას. ნამდვილად მიუღებელია დემაგოგია და ხალხის შეცდომაში შეყვანა იმ ადამიანებისგან, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს სამჯერ მეტს ხარჯავდნენ ხელფასებსა და პრემიებზე და მაგათ დროს ყოველ მეორე თვეს გაიცემოდა პრემიები. ბოლო ორი წელი აუდიტი მერიაში არ ყოფილა და საიდანაა მოპოვებული ეს ინფორმაცია,  გაუგებარია,"-განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

მისი თქმით, მერიის სახელფასო ფონდი სამ მილიონ ნახევარს არ აღემატება, რაც შეეხება თვითმმართველობის მთლიან ხარჯებს, ამ მიმართულებით მოკვლევის შედეგებს აუდიტის სამსახური საზოგადოებას მალე აცნობებს.

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაცია მერიას ხარჯების დამალვაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე,  პარტიის წევრებმა და საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა,  აუდიტის სამსახურის დასკვნაზე ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც, მათი თქმით, მხოლოდ სახელფასო ხარჯებს მერიამ გასულ წელს ქალაქის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი მოახმარა.

Print