ახალი ამბები
სოციალურ მუშაკებს სამსახურიდან ათავისუფლებენ
FaceBook

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, სოციალურ  მუშაკებს სამსახურიდან ათავისუფლებენ.


თანამშრომლების ნაწილს წერილობითი შეტყობინება უკვე მიუვიდათ და ორთვიანი კომპენსაციაც ჩაერიცხათ. არსებული ინფორმაციით, იმერეთის მასშტაბით შვიდი სოციალური მუშაკია გათავისუფლებული.

 

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის თქმით, სააგენტოს თანამშროლები ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ.

„ყველა ეტაპზე, თანამშრომლებისთვის იყო სრულყოფილი ინფორმაცია მიწოდებული, არაერთხელ ყოფილან ისინი პირადად ჩემთანაც მსგავსი ტიპის კითხვებით, რაზეც პასუხი მიუღიათ. წერილებშიც, რომელიც მათ დაეგზავნათ ახსნილია მათი გათავისუფლების მიზეზი“,- განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.


რაც შეეხება ცვლილებას, როგორც ცნობილია 2020 წლის 1 თებერვლიდან სოციალური მომსახურების  სააგენტოს  მეურვეობა-მზრუნველობის, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების ფუნქცია გამოეყოფა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდში გაერთიანდება. ამ ფუნქციას კი ახალი უწყება შეასრულებს, რომელსაც  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ერქმევა.


მინისტრის მოადგილის თქმით, უკვე გათავისუფლებულ თანამშრომლებს რეორგანიზაციის პროცესში გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობების დაკავება კონკურსის წესით შეეძლებათ. მინისტრის მოადგილე ასევე განმარტავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად სოციალური მუშაკების როდენობა არ შემცირდება.  მისივე განმარტებით,  რეორგანიზაციის დასრულების პირველივე თვეს თანამშრომლებს ხელფასი მოემატათ, სოციალური მუშაკის ხელფასი  1200 ლარი, ხოლო უფროსი სოციალური მუშაკის  1400 ლარი იქნება.

Print