ახალი ამბები
ქუთაისის მერი ახალი სოციალური საცხოვრისის მოწყობის შესახებ შეკითხვებს არ პასუხობს
FaceBook

ქუთაისის მერიაში,  კვლავ არ პასუხობენ არც ერთ შეკითხვას გუგუნავას ქუჩაზე სოციალური საცხოვრისის მოწყობის შესახებ.


შენობის რეკონსტრუქციის პროექტზე განმარტებები დღეს არც   ქალაქის მერმა გააკეთა. გიორგი ჭიღვარია ამბობს, რომ მერიამ ჯერ უნდა შეისწავლოს რა შესაძლებლობები აქვს შენობას.

„ჯერ დასრულდეს პროექტირება, ვნახოთ რა შესაძლებლობები აქვს შენობას და ამის შემდეგ  გავაკეთებთ განცხადებას. კანონიდან  გამომდინარე,  ქალაქს აქვს ვალდებულება ჰქონდეს სოციალური საცხოვრისი, ორი იქნება ეს, სამი თუ ოთხი, განისაზღვრება იმის მიხედვით, რა შესაძლებლობაც აქვს ქალაქს“,-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.


ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის ამორტიზებულ შენობაში, სადაც ათამდე ოჯახი ცხოვრობს, საერთო საცხოვრებლის მოწყობის მიზნით, მერიამ  ტენდერი უკვე გამოაცხადა, თუმცა, ადგილობრივ თვითმმართველობაში არ აკონკრეტებენ იქნება თუ არა შენობა ნიკეას ქუჩაზე არსებული საერთო საცხოვრებლის ალტერნატივა, საიდანაც გადაყვანას ბენეფიციარები წლებია ითხოვენ.

კითხვებზე პასუხებს ითხოვენ ყოფილი ელექტრომექანიკური ქარხნის შენობაში მცხოვრები ოჯახები. მათი უმრავლესობა აფხაზეთიდან დევნილია, რომლებსაც ბინები ამ დრომდე არ მიუღიათ, არიან უსახლკაროდ დარჩენილი სოციალურად დაუცველებიც, მათ შორის, ძალადობის მსხვერპლი ერთი ოჯახი. ისინი რეაბილიტაციის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან, თუმცა, ჯერ არ იციან რა ბედი ეწევათ სამუშაოების დაწყების შემთხვევაში. ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და ვიდრე ალტერნატიული ფართით არ დაკმაყოფილდებიან, შენობას არ დატოვებენ.


ამავე თემაზე:


ქუთაისის მერია ახალ საერთო საცხოვრისს აწყობს, თუმცა, არ ამბობს ვისთვის (ფოტო)




Print