ახალი ამბები
საქართველო-ჩინეთს შორის ავიამიმოსვლა ორი თვით შეწყდა
FaceBook

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.


აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შეზღუდვა, რომელიც კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება, მიმდინარე წლის 29 მარტამდე იმოქმედებს. საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი გადაიხედება  მხოლოდ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.

 

"საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. აღნიშნულის შესახებ, უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას.  პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლებელია გადახედილ იქნეს ჩინეთში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.  საქართველოში ოპერირების განმახორციელებელი ყველა ავიაკომპანიის მიერ, ხდება შესაბამისი უწყებების ინფორმირება ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა",- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.


ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში კორონავირუსი გასული წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსი მცირე მასშტაბებით, თუმცა, გავრცელდა ამერიკასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა უკრაინაშიც.  ახალ ვირუსს ჩინეთში ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Print