ახალი ამბები
ქუთაისის მერია ახალ საერთო საცხოვრისს აწყობს, თუმცა, არ ამბობს ვისთვის (ფოტო)
FaceBook

ქუთაისის მერია გუგუნავას ქუჩაზე, ყოფილ ელექტრომექანიკურ ქარხანაში სოციალური საცხოვრისის მოწყობას გეგმავს.


მერიამ რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად ტენდერი  უკვე გამოაცხადა, თუმცა,  ჯერ არ იცის სად გადაიყვანს იმ ოჯახებს, რომლებიც წლებია ამ ავარიულ შენობაში ცხოვრობენ.

მერიაში  პასუხები არც სხვა კითხვებზე აქვს. არ საუბრობენ იმაზე, იქნება თუ არა ახალი საერთო საცხოვრებელი ნიკეას ქუჩაზე სამი წლის წინ მოწყობილი სოციალური საცხოვრისის ალტერნატივა, რომელიც უხარისხო რეაბილიტაციის გამო ყოველდღიურად ინგრევა და ბენეფიციარებს შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება.  შესაბამისად, უცნობია ისიც,  ვისთვის ამზადებს მერია ახალ შენობას- მათთვის, ვისაც ამ დრომდე არ აქვს ბინა, თუ ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრისის ბენეფიციარებისთვის, რომლებიც ალტერნატიულ ფართში გადაყვანას წლებია ითხოვენ. ორდღიანი ლოდინის შემდეგ პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ ამ  საკითხზე პასუხს ვერავინ გაგვცემს და დეტალები  მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პროექტირების ტენდერი დასრულდება.


კითხვებზე პასუხებს ითხოვენ გუგუნავას ქუჩაზე მდებარე შენობაში მცხოვრები ოჯახები. ისინი რეაბილიტაციის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან, თუმცა, ჯერ არ იციან რა ბედი ეწევათ სამუშაოების დაწყების შემთხვევაში.

გუგუნავას ქუჩაზე ოთხსართულიან შენობაში რეგულარულად ათამდე ოჯახი ცხოვრობს. ბინების ნაწილი კი დაკეტილია. შენობაში მცხოვრებთა უმრავლესობა აფხაზეთიდან დევნილია, რომლებსაც  ბინები ამ დრომდე არ მიუღიათ, არიან უსახლკაროდ დარჩენილი სოციალურად დაუცველებიც,  მათ შორის,  ძალადობის მსხვერპლი ერთი ოჯახი.


ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ და ვიდრე ალტერნატიული ფართით არ დაკმაყოფილდებიან, შენობას არ დატოვებენ.
შენობა კი, სადაც ისინი ათეული წლებია ცხოვრობენ, ამორტიზებულია.  არ აქვს ფანჯრები, დაზიანებულია იატაკი და კედლები, წყალი ჩამოდის  სახურავიდან. არ აქვთ ინდივიდუალური სააბაზანო და სასმელ წყალს საერთო საპირფარეშოს ონკანიდან იღებენ.






„გავიგეთ, რომ არემონტებენ, მაგრამ ჩვენ ჯერ ოფიციალურად არავინ  შეგვხმიანებია. სექტემბერში მოვიდნენ მერიიდან და გაფრთხილების ფურცელი მოგვიტანეს, რომ ათი დღის ვადაში შენობა უნდა დაგვეცალა. მე ავუხსენი, რომ 26 წელია აქ ვცხოვრობ და ვარ დევნილი, აღარაფერი უთქვამთ. სხვებსაც მისცეს გაფრთხილება, მაგრამ აქ უმრავლესობა დევნილები ვართ და არავის აქვს ჩვენი აქედან გაშვების უფლება, ვიდრე არ მივიღებთ ბინა“,-ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ირა წულაია.


„ჩვენ არ გავალთ, ვიდრე  ბინას არ მოგვცემენ. აღმაშენებელზე აშენებს დევნილთა სამინისტრო კორპუსებს და უნდა გადაგვიყვანონ იქ, სხვანაირად არ გავალთ აქედან,  არც აქვთ ამის უფლება. ისედაც გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ ამდენი წლებია და ვითმენთ ამ მდგომარეობას“,-ამბობს აფხაზეთიდან დევნილი მარინე გასაშვილი.


„ერთი პატარა ოთახი მომცეს, შვილთან და სამ შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ,  არანაირი პირობა არ გვაქვს, შეშის ღუმელით ვთბები, საერთო საპირფარეშო გვაქვს და დასალევი წყალიც კი ტუალეტიდან მოგვაქვს, აუტანელია ჩვენი მდგომარეობა“,-ამბობს სოციალურად დაუცველი თალიკო კორტი.




ქუთაისში ბინით დაკმაყოფილებას ასეულობით ადამიანი ითხოვს. მერიაში 700-მდე ასეთი განცხადებაა რეგისტრირებული. პირველად, სოციალური საცხოვრისის მოწყობა მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა და შემსრულებელი კომპანია კონკურსის წესით გამოავლინა.

კონკურსში გამარჯვებულმა შპს „სანომ“  ნიკეას ქუჩაზე უკვე არსებული შენობა გაარემონტა, რისთვისაც ოთხ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა, მერიამ მაშინ რეალური ხარჯები დამალა და საზოგადოებას მხოლოდ ერთი ხელშეკრულების შესახებ აცნობა, რომლის ჯამური ღირებულება 2 500 000 ლარს არ აღემატებოდა. მეორე ხელშეკრულება კი, რომელიც  ხუთი თვის შემდეგ გაფორმდა, 1 872 000 ლარის ღირებულების იყო.

რეკორდული თანხის დახარჯვის მიუხედავად, „სანომ“  შენობა უხარისხოდ გაარემონტა. შენობაში, სადაც 80-მდე ოჯახი შეასახლეს, პრობლემები მალევე გამოჩნდა, გახსნიდან რამდენიმე დღეში ჩამოიშალა ჭერი, დაზიანდა კედლები, ლიფტი და სხვა ინფრასტრუქტურა. სოციალურად დაუცველები შენობიდან გაყვანას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.

ქუთაისის მერია კი შპს „სანოსთან“ სასამართლო დავაშია. ადგილობრივი თვითმმართველობა  კომპანიას რეაბილიტაციის დროს დაშვებულ ხარვეზებსა და გადაცემული ფართების უზუსტობას ედავება. სამუშაოების შემსრულებელი კომპანია კი აცხადებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა,   528 000 ლარი ამ დრომდე არ აუნაზღაურებია.



ამავე თემაზე:


"უბედურება დატრიალდება" - სოციალური საცხოვრისის შენობა ქარმა დააზიანა (ფოტო)

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

დარღვეული სტანდარტები და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ბენეფიციარები


ქუთაისის სოციალურ თავშესაფარში ცხოვრებაზე 12-მა ბენეფიციარმა უარი თქვა

"შენობა ინგრევა" - ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლები

ავარიული სოციალური საცხოვრისი გახსნიდან ერთ წელიწადში (ფოტო)

Print