ახალი ამბები
ანანოვების სასახლის რეკონსტრუქცია გაზაფხულიდან დაიწყება (ფოტო)
FaceBook

შპს "ინვესტ ჯგუფმა" ანანოვების სასახლის რეკოსნტრუქციისათვის პროექტი წარადგინა.


დოკუმენტის მიხედვით, სასახლეს ისტორიული იერსახე შეუნარჩუნდება. შენობაში ექვს ნომრიანი სასტუმრო, მიმდებარე ტერიტორიაზე კი ტურისტული ცენტრი, ალკოჰოლური სასმელების საგამოფენო/სადეგუსტაციო სივრცე, სპორტული მოედანი და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

"პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმერეთის რეგიონის განვითარებისთვის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტერიტორია იყო აუთვისებელი და უფუნქციო, ამიტომაც დიდი ენთუზიაზმით ჩავერთეთ განვითარების პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანანოვების სასახლეს შეუნარჩუნდება ისტორიული იერსახე. პროექტის ფარგლებში, შეიქმნება სამუშაო ადგილები და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. - აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი, Cushman & Wakefield Georgia-ს პარტნიორი გიორგი ჯაფარიძე.

შპს "ინვესტ ჯგუფის" დირექტორი, დავით კობახიძე აღნიშნავს, რომ ეკონომიკის სამინისტროს პროექტი "50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ქართული ტურისტული ბაზრის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს და დაინტერესებულ ინვესტორებს საშუალებას მისცემს აქამდე მიტოვებული შენობები გამოაცოცხლონ და ხალხი დაასაქმონ.

ანანოვების სასახლის სასტუმროსა და მიმდებარე ლანდშაფტის მოწყობის პროექტზე MUA – Multiverse Architecture არქიტექტორებისა და დიზაინერების გუნდმა იმუშავა.

ანანოვების სასახლე ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარციხეში მდებარეობს. ისტორიული ნაგებობა 2019 წლის 31 დეკემბერს კომპანია შპს ინვესტ ჯგუფმა 1, 375, 000 ლარად შეიძინა.


პროექტის მიხედვით ასეთი იქნება ანანოვების სასახლე რეკონსტრუქციის შემდეგ

Print