ახალი ამბები
ინდ.მეწარმეს, რომელმაც ზესტაფონში თავი მოიკლა, ფინანსური პრობლემები ჰქონდა
FaceBook

მამაკაცს, რომელმაც ზესტაფონში თავი ჩამოიხრჩო, ფინანსური პრობლემები ჰქონდა.


ოლეგ თუთარაშვილი ინდ.მეწარმე იყო და კომპანიონებთან ერთად 17 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბოლო ხელშეკრულება მან ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან გააფორმა. მის კომპანიას შპს "რიგი 55"-ს, 45 646 ლარად ხარაგაულში ორი სანიაღვრე არხი უნდა მოეწყო და ერთი ხიდი აეშენებია, თუმცა, თუთარაშვილმა ფინანსური პრობლემების გამო ხელშეკრულების შეწყვეტა ითხოვა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადასტურებენ, რომ შპს "რიგი 55"-მა სამუშაოების შესრულებაზე უარი თქვა.

"მოვიდა ჩვენთან  და თქვა ფინანსური პრობლემები მაქვსო. მისი მომართვის საფუძველზე კომპანიას შეუწყდა ხელშეკრულება და დაეკისრა ჯარიმა, თუმცა, მისმა შვილმა გადაიხადა ეს თანხა და თუთარაშვილს ჩვენ მუნიციპალიტეტთან დავალიანება არ ჰქონდა. როგორც ვიცით, დაბა ხარაგაულში ჰქონდა ტენდერი მოგებული და იქ შეექმნა ფინანსური პრობლემები", - აცხადებენ ხარაგაულის მერიის პრესსამსახურში.

ზესტაფონის მკვიდრმა, 60 წლის ოლეგ თუთარაშვილმა 16 იანვარს თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზად ფინანსური პრობლემები სახელდება, რომელიც მას ბიზნესსაქმიანობის დროს შეექმნა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

Print