ახალი ამბები
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ წელს 40 მილიონი ლარით დაფინანსდება
FaceBook

2020 წელს,  მუნიციპალიტეტების სოფლებში განსახორციელებელი პროექტებისთვის ჯამში 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სწორედ ეს თანხაა გამოყოფილი „სოფლის მხარდაჭერის" პროგრამისთვის.

პროგრამას, რომელიც, ძირითადად, გზების,  წყლის სისტემის, გარე განათებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, წელს გზისპირა მოსაცდელების მოწყობა-რეკონსტრუქცია დაემატება.

უწყების ინფორმაციით, გასულ წელს პროგრამის ფარგლებში, 4800-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათგან 1042 იმერეთში.


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2018 წლამდე ყოველწლიურად ხორციელდებოდა, თუმცა, ორი წლის წინ შეწყდა, გასულ წელს კი ისევ აღდგა.

პროგრამის მიზანს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება წარმოადგენს. მთავარი პრინციპი კი იმაში მდგომარეობს, რომ  განსახორციელებელი პროექტები სოფლის კრებებზე თავად ადგილობრივებმა უნდა შეარჩიონ.

პროგრამა სულ  3700-მდე სოფელს მოიცავს.

Print