ახალი ამბები
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს
FaceBook
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 53 პროცენტი თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
მხოლოდ 19 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ამასთანავე, გამოკითხული მოსახლეობის 59 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. ეს მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ (46 პროცენტი) მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 64% პასუხობს, რომ ცუდად, 30% პასუხობს, რომ კარგად, ხოლო 5%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.

"შემაშფოთებელია საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების ასეთი ნეგატიური შეფასება. ეს ფაქტი ქვეყნის მომავალ განვითარებასა და სტაბილურობაზე კარგად არ აისახება", - განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI საქართველოს დირექტორმა.

"ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის აღდგენაზე პასუხისმგელობა პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით კი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკისრებათ. მათივე პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყონ მომავალი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაცია, რაც საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული დაპირების შეუსრულებლობის გამო ეჭვქვეშ დგას."

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა 16 იანვარს გამოქვეყნდა.
Print
თეგები: #NDI #კვლევა