ახალი ამბები
ეკონომიკის სამსახურის ყოფილი უფროსი "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიას" უხელმძღვანელებს
FaceBook
ეკონომიკის სამსახურის ყოფილი უფროსი, გიორგი გიორგობიანი ახლადდაფუძნებული შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელად ინიშნება.
პოსტზე მისი წარდგენა ხვალ იგეგმება. ქუთაისიპოსტის  ინფორმაციას ადასტურებენ ქუთაისის მერიაში.

გიორგი გიორგობიანმა  ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობა გასული წლის პირველ აგვისტოს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. რამდენიმე თვეში იგი ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" ხელმძღვანელის მოადგილედ გადაიყვანეს, სადაც ახალ შპს-ში გადასვლამდე მუშაობდა.

შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია" ქუთაისის მერიამ ცოტა ხნის წინ დააფუძნა. კომპანია ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მართვას ჩაიბარებს და მის ადმინისტრირებას განახორციელებს. ქუთაისის მერია მუნიციპალურ სისტემაზე გადასვლას 2020 წლის გაზაფხულიდან გეგმავს. ამ მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისისთვის  60 ახალ, შშმ პირებზე ადაპტირებულ ავტობუსს ყიდულობს.
პირველ ეტაპზე მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ საავტობუსო პარკს ჩაანაცვლებს. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ადგილობრივ თვითმმართველობას ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით გეგმა არ აქვს.

ქუთაისში ათეული წლებია საქალაქო ტრანსპორტი კერძო კომპანიების ხელშია, რომლებიც მგზავრების ეფექტურ მომსახურებას ვერ უზრუნველყოფენ. ავტოპარკის უდიდესი ნაწილი ძველია. საღამოს საათებში კი ქალაქში გადაადგილება გართულებულია.



ამავე თემაზე:

ქუთაისში საქალაქო ავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოცხადდა
Print