ახალი ამბები
"მეტი სიმკაცრით უნდა იყოს დაცული შეწყალების ნორმები",–მეუფე იოანე
FaceBook

ქუთაის–გაენათის ეპარქიის წინამძღოლი, მეუფე იოანე, დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალების შესახებ პრეზიდენტის უარზე განმარტებას აკეთებს.


მეუფე ამბობს, რომ წინა შეწყალების დროს პრეზიდენტი შეცდომაში შეიყვანეს და ამიტომ ამ საკითხისადმი მიდგომა უნდა იყოს მკაცრი და ზუსტი.

რაც შეეხება იმას, მიმართავს თუ არა სინოდი პრეზიდენტს განმეორებით დეკანოზის შეწყალების თხოვნით, მეუფე ამბობს, რომ თუ სინოდი ამას მიზანშეწონილად ჩათვლის, რა თქმა უნდა ასე იქნება.

"მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. არც პრეზიდენტს აქვს ყველაფრის უფლება. თქვენ იცით, რომ  ცოტა ხნის წინ რაღაც  მოხდა, შეცდომაში შეიყვანეს პრეზიდენტი და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა  ამის გამო. დღეს  უფრო მეტი სიმკაცრით, მეტი სიზუსტით უნდა იყოს დაცული შეწყალების ნორმები. თუ სინოდი მიზანშეწონილად ჩათვლის, რომ ხელმეორედ მიმართოს, რასაკვირველია ასე იქნება",–განაცხადა მეუფე იოანემ. 


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წმინდა სინოდის მიმართვა, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
პრეზიდენტმა  განაცხადა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში სიმშვიდის შენარჩუნებას ემსახურება და რომ  მსგავსი დანაშაულისთვის დეკანოზის შეწყალებას მოქალაქეები ვერ გაიგებენ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე, ე.წ. ციანიდის საქმეზე, 2017 წელს დააკავეს. მას მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებისთვის  9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

Print