ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წმინდა სინოდის მიმართვა, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
პრეზიდენტმა უარის მიზეზები დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა. მან რამდენიმე არგუმენტი დაასახელა თუ რატომ არ შეიწყალა დეკანოზი და განაცხადა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება საზოგადოებაში სიმშვიდის შენარჩუნებას ემსახურება და რომ  მსგავსი დანაშაულისთვის შეწყალებას მოქალაქეები ვერ გაიგებენ.


"მე ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად გავეცანი წმინდა სინოდის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხისმგებლობას. ვერ მოვნახე არგუმენტი, მითუმეტეს შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საზოგადოების სიმშვიდის უზრუნველყოფას, რამეთუ საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი, ასეთი დანაშაულისთვის შეწყალებას ვერ გაიგებს და ვერ გაიზიარებს. შემდეგი არგუმენტი ქართული სახელმწიფოს ისტორიულ სპეციფიკას ეფუძნება–ქართული სახელმწიფო განუყოფელია ეკლესიისგან, რომელიც მუდამ იყო მისი დამოუკიდებლობის გზის გამჭრელი. ეკლესიაზე შეტევა, მისი დისკრედიტაცია, ავტორიტეტის შელახვა უდრის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესუსტებას. და ბოლოს, ჩემთვის ცხადზე ცხადია, რომ როცა საქართველოს სახელმწიფო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, პატრიარქის ავტორიტეტისა და მისი სიცოცხლის ხელყოფა ნიშნავს საქართველოს ხელყოფას", – განაცხადა პრეზიდენტმა.


დეკანოზი გიორგი მამალაძე, ე.წ. ციანიდის საქმეზე, 2017 წელს დააკავეს. მას მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებისთვის  9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

Print