ახალი ამბები
გოგი წულაია ბუჩქებზე "პოლიტიკური სათამაშოების" დაკიდების გამო დააჯარიმეს
FaceBook

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე, გოგი წულაია 1000 ლარით დააჯარიმეს.


ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს შედგა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გოგი წულაიამ ლადო მესხიშვილის თეატრის წინ,  აქცია–პერფორმანსის ფარგლებში, ბუჩქებზე მმართველი გუნდის ლიდერების სურათების დაკიდებით კანონი დაარღვია.
თავად დაჯარიმებული ამბობს, რომ მოსამართლემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, რაც მის დაშინებას ემსახურება.

"ეს არის პოლიტიკური ჯარიმა. მოსამართლემ შეასრულა პოლიტიკური დაკვეთა. ამით კიდევ ერთხელ დააკნინეს სასამართლო და დაამტკიცეს, რომ ის არის მონა. ისინი ცდილობენ ჩვენს დაშინებას და თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლების წართმევას, რაც რა თქმა უნდა არ გამოუვათ",–განაცხადა გოგი წულაიამ.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის დაჯარიმებამდე, 1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტს გიგი ახალაძეს, რომელიც ასევე მონაწილეობდა ბუჩქებზე "პოლიტკური სათამაშოების" დაკიდების აქციაში.

11 დეკემბერს, მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტებმა ქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე "ქართული ოცნების" ლიდერების გამოსახულებით ხელნაკეთი ნივთების დაკიდება სცადეს. მათ ამის უფლება სამართალდამცავებმა არ მისცეს, რის შემდეგაც აქტივისტებმა ე.წ. ნაძვის ხის სათამაშოები ბუჩქებზე დაკიდეს.
მათ ამ ფორმით პარლამენტის მიერ პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ მმართველი გუნდის დეპუტატები ბიძინა ივანიშვილის "სათამაშოები" არიან.


 

Print