ახალი ამბები
ქუთაისის ბიუჯეტში 526 000 ლარის ცვლილება შევიდა
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივ ბიუჯეტში 526 000 ლარის ცვლილება შევიდა. საბიუჯეტო ცვლილება მიმდინარე წელს 5-ჯერ განხორციელდა.

დღევანდელ სხდომაზე დამტკიცებული ცვლილებების შედეგად ქალაქში არსებულ მოსწავლე ახალგაზრდობის პარკს 150 000 ლარი, მერის სარეზერვო ფონდს 60 000, ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებას 220 000 დაემატა. 45 000 ლარით გაიზარდა აღმაშენებლის გამზირზე, ფოლკლორის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის მოსაწყობად გამოყოფილი ბიუჯეტი, ხოლო კულტურული ღონისძიებებისთვის განსაზღვრულ თანხას 8 000 ლარი დაემატა. ასევე, 18 000 ლარი დაემატა ააიპ "მადლიერების სახლს", ხოლო 20 000 ლარი გზებისა და ხიდების ექსპლოატაციას.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ თანხების მატება დაკონტრაქტებულ ვალდებულებებში ეკონომიების გაწევის ხარჯზე მოხდა.
"არაა საშიშროება იმისა, რომ წლის ბოლოს ბიუჯეტი ვერ შესრულდეს," - განმარტა ქუთაისის ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძე.
ქუთაისის საკრებულომ მიმდინარე წლის ივლისში ბიუჯეტში 431 700 ლარის ცვლილება განახორციელა.
ქუთაისის ბიუჯეტი დღეის მდგომარეობით 70 მილიონ ლარს შეადგენს.

დეა მანაგაძე

Print