ახალი ამბები
„უნდა ვისწავლოთ, რომ საარჩევნო დაპირება არ არის ერთწლიანი“ - გიორგი ჭიღვარია
FaceBook
ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ  მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე 2019 წელი შეაჯამა.
მერმა მიმდინარე წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქალაქში მსგავსი მასშტაბის სამუშაოები 90-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებულა.

"ვისაც უნდა დანახვა, დაინახავს. წელს გზების მთავარი პრობლემა მოვაგვარეთ, 50-მდე ქუჩა გაკეთდა.  ახლა დროა ფასადებზე გადავიდეთ",-განაცხდა მერმა სხდომაზე.

გიორგი ჭიღვარიამ ისაუბრა 2020 წელს დაგეგმილ სამუშაოებზეც, თუმცა, საბჭოს წევრებისთვის არაფერი უთქვამს შეუსრულებელ და გადავადებულ პროექტებზე. მაგალითად, ცენტრალური ბულვარისა და რუსთაველის ხიდის რეკონსტრუქციაზე, ასევე, გაპონოვის ქუჩაზე ფასადების აღდგენაზე. ეს პროექტები მერიამ თითქმის ორი წლის წინ დააანონსა.

მოგვიანებით, ჟურნალისტებთან საუბრის დროს პროექტების ნაწილის შეუსრულებლობა მერმა მოსახლეობას დააბრალა და განაცხადა, რომ არც ერთი  დაპირება არ არის ერთწლიანი, არამედ, გათვლილია იმ ვადაზე, რა ვადითაც მერს ირჩევენ.

"დამისახელეთ პროექტი, რომელზეც  ვთქვით, რომ პირველივე წელს გავაკეთებდით, უნდა ვისწავლოთ, რომ  საარჩევნო დაპირება არ არის ერთწლიანი, არამედ,  ოთხწლიანი, რამდენი ხნითაც მოდის ადმინისტრაცია.  ბულვართან დაკავშირებით ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ და მოქალაქეებმა გააჩერეს პროექტი. მეტმა მისცა ხმა, რომ არ გაგვეკეთებია. ამიტომ, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე შევაჩერეთ. გაპონოვის  ქუჩაზე გავაგრძელებთ მუშაობას, მაშინ,  როდესაც რიონის სანაპიროს სამუშაოები დაიწყება და  თანხები იქნება მოძიებული. რაც შეეხება რუსთაველის ხიდს, აქ უნდა გაკეთებულიყო სვეტები, რაზეც ისევ მოსახლეობისგან იყო უარყოფითი შეხედულება",- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მერმა განმარტება გააკეთა თეთრ ხიდსა და სოციალურ საცხოვრისზე და განაცხადა, რომ ორივე საკითხზე სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს და მერია ქმედით ნაბიჯებზე მხოლოდ მას შემდეგ გადავა, რაც სამართალწარმოება დასრულდება.
Print