ახალი ამბები
საქართველოს სამ ქალაქში ნარკოტიკები და მისი დასამზადებელი ლაბორატორიები აღმოაჩინეს
FaceBook

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება-შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის უპრეცენდენტოდ მასშტაბური სქემა გამოავლინეს.


ქუთაისში, თბილისსა და ბათუმში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება და მისი დასამზადებელი ლაბორატორიები აღმოაჩინეს.


დაკავებულია  საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე, 1 პირი კი მხილებულია.


სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების  ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილას მდებარე სამალავებიდან სულ ამოიღეს 21 კილოგრამამდე ფხვნილის სახით და 10 ლიტრამდე სითხის სახით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“.


ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე 6 მილიონამდე ლარს შეადგენს.


ასევე, თბილისსა და ბათუმში ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად საჭირო ლაბორატორიული ინვენტარი და სხვადასხვა სახის ქიმიური ნივთიერება.


გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკორეალიზატორთა დაჯგუფება ინტერნეტ აპლიკაცია ,,ტელეგრამში“ შექმნილი ჯგუფების გამოყენებით ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდნენ სომხეთში, ყირგიზეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და საქართველოში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენა- შენახვას და რეალიზაციას ახდენდა.


დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

Print