ახალი ამბები
10 წელი მემორიალის აფეთქებიდან - ქუთაისში გარდაცვლილი დედა-შვილი გაიხსენეს
FaceBook
ქუთაისში, დედა-შვილის გარდაცვალებიდან, რომელთა სიცოცხლე  "დიდების მემორიალის" აფეთქებას ემსხვერპლა, 10 წელი გავიდა.


"პარტია თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ, მემორიალის აფეთქების შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილი გაიხსენა და მათი გარდაცვალების ადგილზე ყვავილები და სანთლები მიიტანა. როგორც წულაია ამბობს, 10 წლის წინ დედა-შვილი სისტემამ იმსხვერპლა. მისივე თქმით,  სისტემის მსხვერპლია ორი დღის წინ დაღუპული ლუკა სირაძეც, ამიტომ საზოგადოება უნდა ებრძოდეს სისტემას და არა პოლიტიკურ პარტიებს.

"10 წლის წინ, ზუსტად 19 დეკემბერს ააფეთქეს მემორიალი, რის შედეგადაც მცირეწლოვანი გოგონა და დედა დაიღუპნენ. მაშინ რომ სისტემას არ ვებრძოლეთ, დღესაც იგივე სისტემა მივიღეთ. თუ გვინდა უკეთესობა, ხმა უნდა ავიმაღლით ამ სისტემის წინააღმდეგ'' - ამბობს გოგი წულაია.




,დიდების მემორიალი'' 2009 წლის 19 დეკემბერს ააფეთქეს, რამაც დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. აფეთქების მიზანს მემორიალის დემონტაჟი და მის ადგილზე პარლამენტის შენობის განთავსება წარმოადგენდა. დემონმტაჟს კომპანია ,,საქმეთქმრეწვი'' ახორციელებდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა სამ ადამიანს დაეკისრა: კომპანია ,,საქფეთქმრეწვის'' ტექნიკურ დირექტორს-ავთანდილ დარსაველიძეს, ,,საქფეთქმრეწვის'' ქუთაისის უბნის უფროსს- ელგუჯა გაბადაძეს და თბილისის უბნის უფროსს- თენგიზ დარახველიძეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს, რაც გაუფრთხილებლობით უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

,,დიდების მემორიალი'' ავტოქარხანაში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობდა. იგი 1980-იან წლებში აიგო, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო. 46-მეტრიანი მონუმენტის ავტორი მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილია.

დედა-შვილი, რომლებიც მემორალის მახლობლად ცხოვრობდნენ, აფეთქების დროს ქუჩაში იმყოფებოდნენ და ბეტონის ნამსხვრევები მოხვდათ.

ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობის მიზნით მემორიალის აფეთქებიდან 10 წლის შემდეგ, საპარლამენტო დედაქალაქს წაართვეს ისიც, რაც ჰქონდა. ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ, მთავრობამ საკანონდებლო ორგანოს შენობის კონსერვაცია დაიწყო.

Print