ახალი ამბები
"ექიმისთვის საზღვარი არ არსებობს" - ადვოკატების სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილს
FaceBook
ქუთაისში, ადვოკატთა ასოციაციამ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გამართა.

უფლებადამცველები ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში შეიკრიბნენ და გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება გააპროტესტეს.

ადვოკატებმა ხელისუფლებას მოუწოდეს მეტი ქმედითი ნაბიჟი გადადგას.

“სოლიდარობას ვუცხადებთ ვაჟა გაფრინდაშვილს და ვიმედოვნებთ, რომ მისი ტყვეობა მალე დასრულდება. ის უკაკონო ტყვეობაში იმყოფება. საქართველოს მოქალაქეს აიძულებენ თქვას, რომ სადაცაა იმყოფება არაა საქართველოს ტერიტორია, ამის აღიარება კი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ნიშნავს. ექიმისთვის საზღვარი არ არსებობს, ის ნამდვილად საქართველოს მოქალაქეა და საზღვარი არ გადაუკვეთავს, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა”-ამბობს უფლებადამცველი მარინა მანგოშვილი.

თბილისში მცხოვრები და მომუშავე ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, დააკავეს. თუმცა ექიმი, საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ქართულ მიწაზე იმყოფება.  იგი ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.
ვაჟა გაფრინდაშვილი ცნობილი ექიმია. იგი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტია და კლინიკა „მედი ქლაბის“ წამყვანი სპეციალისტი. კონფლიქტის ზონაში იგი, სავარაუდოდ, ავადმყოფის დასახმარებლად ჩავიდა.
Print