ახალი ამბები
„სანამ მამა დაბრუნდება“ - ფილმის ჩვენება ქუთაისში
FaceBook

„ადამიანის უფლებათა კვირეულის" ფარგლებში ქუთაისში ქართული ფილმის „სანამ მამა დაბრუნდება“ ჩვენება მოეწყო.


პანკისში გადაღებული დოკუმენტური ფილმი ორი გოგონას მეგობრობის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც  თითქმის ყოველდღიურად აწყდებიან ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს. ფილმი ევროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით რეჟისორმა მარი გულბიანმა გადაიღო.


„ფილმი გადაღებულია პანკისის ხეობაში, რომელიც ეხება ორი გოგონას მეგობრობის ისტორიას.  ჩვენ ვხედავთ როგორი ცხოვრება არის იქ, რა პრობლემებს აწყდებიან გოგონები. ეს არის შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმი, რომელიც შეიქმნა 2018 წელს“,- ამბობს ფილმის რეჟისორი,  მარი გულბიანი.


ფილმის ჩვენება ევროკავშირმა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ერთობლივად გამართეს.

კინოჩვენებას სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.

ფილმის დასრულების შემდეგ დისკუსია  გაიმართა.


ფილმის „სანამ მამა დაბრუნდება“  მსოფლიო პრემიერა ბრიტანეთში, შეფილდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. მოგვიანებით,  ფილმი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაშიც აჩვენეს და ასუანის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულიც გახდა. ახლახანს ფილმი თბილისის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის საუკეთესო დოკუმენტურ ფილმადაც დასახელდა.


 

Print