ახალი ამბები
ქუთაისში მასწავლებელს ბავშვის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ
FaceBook
ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი პედაგოგს ბავშვის ცემაში ადანაშაულებს.

მერვე კლასის მოსწავლის მშობლის, ცირა ხაბურზანიას თქმით, მისმა შვილმა ნივთმტკიცების სახით თმის ნაგლეჯი ანახა დედას. მისი თქმით მასწავლებელიც არ უარყოფს, რომ ბავშვს ხელით შეეხო, თუმცა ამბობს, რომ მწარედ არ მოუქაჩავს. 

"ბავშვმა სკოლიდან მომიტანა თმის ეს ნაწილი, რომელიც მასწლავლებელმა ააგლიჯა თავიდან. წარმოიდგინეთ მდგომარეობა იმ პატარასი, რომელმაც თმა ჩუმად შეინახა, რომ ნივთმტკიცების სახით წარედგინა ოჯახისათვის. მიზეზი ის რომ საკლასო დავალების შესრულებისას ფურცელი დააკლდა თურმე, თხოვა მეგობარს და ამის გამო ეჩხუბა", - ამბობს ცირა ხაბურზანია.

მისივე თქმით ის რეაგირებისთვის საქართველოს განათლების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინსიტროსა და სახალხო დამცველს მიმართავს.

მესამე საჯარო სკოლის დირექტორი, თამაზ ჭაბუკიანი ამბობს, რომ ფაქტს მშობლებთან და კლასის დამრიგებელთან ერთად იკვლევენ.

"ზუსტად იმ პროცესის მონაწილე ხართ ახლა თქვენ, როდესაც დავიწყეთ ამ ფაქტის გამოკვლევა. თუკი დადასტურდა კანონის შესაბამისი ზომები გატარდება. მოვიწვიე კლასის დამრიგებელი და მშობლები თავიანთი ინიციატივით მოვიდნენ", - ამბობს მესამე საჯარო სკოლის დირექტორი, თამაზ ჭაბუკიანი. 

განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ საკითხი ჯერ სკოლის საბჭომ უნდა მოიკვლიოს, რომლის შემდეგ გადაწყდება ჩაერევა თუ არა განათლების სამინისტრო საქმეში.



Print