ახალი ამბები
"ამ ადამიანებს პროვოკაციებისთვის უხდიან ფულს" - ოპოზიცია ქუთაისში თავდასხმაზე
FaceBook
"გაერთიანებულ ოპოზიციაში" "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე მომხდარ თავდასხმას ბრიფინგზე უპასუხეს.

პარტიის ოფისში მომხდარს პროვოკაცია უწოდეს. მათი თქმით, იმ ადამიანებს, ვინც ოფისს ცოცხები და კვერცხები დაუშინა, ბიძინა ივანიშვილი ფულს უხდის.

"ამ ადამიანების ნაწილი იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, რომლებსაც ამ პროვოკაციებისთვის პირდაპირ უხდიან ფულს. ივანიშვილს საზოგადოება ჰყავს პორალიზებული. იქ იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც პირადი ბრაზი არ ჰქონდათ ოპოზიციის მიმართ, მაგრამ იძულებული იყვნენ ეს გაეკეთებინათ და ამაში ფულს უხდის ბიძინა ივანიშვილი. როგორი თავდასხმებიც არ უნდა იყოს, ეს ჩვენ ვერ შეგვაშინებს და მანამდე გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ ივანიშვილი არ დაასრულებს ხელისუფლების უზურპაციას," - განაცხადა "გაერთიანებული ოპოზიციის "ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ანდრო მაღლაკელიძემ.

ბრიფინგზე იმ საჯარო მოხელეების და საკრებულოს დეპუტატების ფოტოები წარმოადგინეს, რომლებიც გუშინ მომხდარ თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

ქუთაისის მერიის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენლებმა ქუთაისში პარლამენტის შენობის კონსერვაცია გააპროტესტეს და "ქართული ოცნების"  ოფისს სიმბოლურად ბოქლომი დაადეს.


Print