პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი გენდერული საბჭოდან წევრის გაწვევას ითხოვს
FaceBook

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ალეკო ახალაძე საკრებულოს გენდერული საბჭოდან მისი ერთ-ერთი წევრის, გვანცა თოთაძის გაწვევას ითხოვს.



სხდომაზე დეპუტატმა განაცხადა, რომ გვანცა თოთაძემ, რომელიც დეპუტატ ნანა კოსტავას წინაღმდეგ პერფორმანსებს აწყობდა და საკრებულოდან მის წასვლას ითხოვდა, რეაგირება არ მოახდინა „გირჩის“ აქტივისტების მიერ, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მისი ფოტოების მიტანაზე, რომლებზეც ივანიშვილი რელიგიური სიმბოლიკებით იყო გამოსახული. ალეკო ახალაძემ  გვანცა თოთაძე და არასამთავრობო ორგანიზაციები შერჩევით მიდგომაში დაადანაშაულა. მათთან ერთად, მან კოსტავას მიმართ ნაკლები სოლიდარობის  გამო საკრებულოს უმრავლესობაც გააკრიტიკა.  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას კი, რომელიც  დღევანდელ სხდომას უძღვებოდა,  იმის გამო უსაყვედურა, რომ  სხდომა ამ საკითხზე საუბრით არ გახსნა.


„ნანა კოსტავას საკითხზე ჩირგვებში ვძვრებოდით და ახლა რატომ არ ვიღებთ ხმას? ვინმემ დააფიქსირა პოზიცია ხატების შეურაცხყოფაზე? მე საერთოდ გამიკვირდა, რომ თქვენ გვერდი აუარეთ ამ საკითხს და ისე დაიწყეთ სხდომა. მხოლოდ ბიუჯეტზე მსჯელობა არ არის ჩვენი საქმე. ეს არის ვალდებულებაც, რომ ამაზე ხმა ამოვიღოთ. გვანცა თოთაძე კი, რომელიც მოდიოდა აქ და პლაკატებს შლიდა ნანა კოსტავას წინააღმდეგ, ახლა რატომ არაფერს ამბობს? მე ვფიქრობ, რომ უნდა ვიმსჯელოთ საბჭოში მის ყოფნა-არყოფნის საკითხზე“,- განაცხადა  ალეკო ახალაძემ.


დეპუტატის მიმართვას ირაკლი შენგელიას გაღიზიანება მოჰყვა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობასთან ერთად გენდერული საბჭოს ხელმძღვანელია.

„რა არის ვალდებულება ბატონო ალეკო? რაზე უნდა გამეკეთებია განმარტება? თქვენ მე ნუ მისაზღვრავთ იმას, რა არის ჩემი ვალდებულება. ყველა ადამიანს აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი აზრი. რაც შეეხება საბჭოს წვერის გაწვევას, ამაზე მოგვწერეთ წერილობით და ვიმსჯელებთ“,-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ნანა კოსტავას წინააღმდეგ საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც კოსტავამ ბლოგერ სალომე ბარკერზე, რომელსაც და ტრაგიკულად დაეღუპა, ფესიბუქის პირად გვერდზე სიძულვილის ენის შემცველი პოსტი დაწერა.


ამავე თემაზე:


„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“- ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ჟურნალისტს, რომლის დაც მდინარეში დაიხრჩო

"თუ მოითხოვს ვინმე, მოვუბოდიშებ" - საკრებულოს წევრის განმარტება ჟურნალისტზე გამოქვეყნებულ პოსტზე

Print