პოლიტიკა
დიმიტრი მხეიძის ბიუროს დაბოქლომება ვერ შეძლეს - რა ხდებოდა მაჟორიტარის კაბინეტთან (ვიდეო)
FaceBook
"გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენლებმა  ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს კარის დაბოქლომება ვერ შეძლეს.
მათ ამის შესაძლებლობა შენობაში მობილიზებულმა "ქართული ოცნების" აქტივისტებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა არ მისცეს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ბიუროს შესასვლელთან დახვდნენ.



ისინი პიკეტირების დაწყებას დილიდან ელოდებოდნენ, რასაც ბიუროს შესასვლელთან მათი განსაკუთრებული მობილიზება ადასტურებს.




მმართველი პარტიის აქტივისტები და მათ შორის, მერიის აიპების ის თანამშრომლები, რომლებიც ბოლო დღეებში გამართული აქციების დროს მომხდარი ინციდენტების აქტიური მონაწილეები იყვნენ, აქტივისტებს და ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც დიმიტრი მხეიძის კაბინეტის პიკეტირებას ცდილობდნენ, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და აგინებდნენ.

აქციის მონაწილეებს კაბინეტთან დიმიტრი მხეიძე დახვდა და  ისინი საზოგადოებაში დაპირისპირების პროვოცირებაში დაადანაშაულა. სიტყვიერ შელაპარაკებას ფიზიკური შეხლა-შემოხლაც მოჰყვა. 

მას შემდეგ,  რაც  ბიუროს შესასვლელთან ინციდენტი დასრულდა,  დიმიტრი მხეიძემ საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს კაბინეტთან მიაკითხა. ოპოზიციონერ დეპუატატებსა და მაჟორიტარს შორის დახურულ კარს მიღმა საუბარი რამდენიმე წუთი გაგრძელდა და მალევე დასრულდა.




დიმიტრი მხეიძემ,  ოპოზიციის  გეგმის ჩაშლის მიზნით  მხარდამჭერების მობილიზება უარყო და განაცხადა, რომ ისინი რიგითი მოქალაქეები არიან, რომლებიც დეპუტატებთან და მერიის სამსახურის წარმომადგენლებთან შესახვედრად იყვნენ მოსული.


Print