ახალი ამბები
პროპორციული სისტემა თუ გერმანული მოდელი – ანალიტიკოსის განმარტება და შეფასება
FaceBook

ივნისის აქციებზე სამოქალაქო საზოგადოების მთავარი მონაპოვარის – პროპორციული საარჩევნო სისტემის  საპარლამენტო განხილვაზე ჩავარდნის შემდეგ, ოპოზიციამ გამოსავლის ძებნა დაიწყო.



ასე გაჩნდა  ე.წ. გერმანული მოდელის იდეა. პარალელურად, უმრავლესობის წარმომადგენელი მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოვიდა.  ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე, საარჩევნო კოდექსში ან კონსტიტუციაში რაიმე სახის ცვლილების შეტანას არ აპირებენ. პერმანენტული აქციების ფონზე, პროგნოზის გაკეთება რთულია. ხალხი კი, შემოთავაზებულმა სარჩევნო სხვადასხვა მოდელმა დააბნია.

 



რას ნიშნავს პროპორციული სისტემა და როგორ დაკომპლექტდება პარლამენტი გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში? საარჩევნო მოდელებს შორის განსხვავებებზე, დადებით და უარყოფით მხარეებზე  "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს"  საარჩევნო პროგრამების მენეჯერს, ლევან ნატროშვილს ვესაუბრეთ.

 


ანალიტიკოსი ამბობს, რომ  პროპორციული სისტემა პარტიებს საშუალებას აძლევს პროცენტულად ზუსტად იმდენი მანდატი მიიღონ პარლმანეტში, რამდენ ხმასაც მოაგროვებენ არჩევნებში.  პირობითად, თუ პარტია საერთო ხმების  50%–ს დააგროვებს, მას პარლამენტში მანდატების ასევე 50% შეხვდება, ჩვენს რეალობაში - 75 მანდატი.

შესაბამისად, ეს სისტემა მაქსიმალურად არის მიახლოებული ამომრჩევლის განწყობასთან და რაც მთავარია, უზრუნველჰყოფს მრავალპარტიულ პარლამენტს.



"სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა ნიშნავს, რომ მხოლოდ პროპორციული არჩევნები ჩატარდება. იქნება ერთი სია და  ერთნაირი ბიულეტენები. პრინციპი არის ასეთი:ვინც რამდენ პროცენტს მიიღებს, დაახლოებით ისე გადანაწილდება მანდატები პარლამენტში. დაპირებული ბარიერით, იმისთვის, რომ პარტიამ ერთი დეპუტატი შეიყვანოს, სულ მცირე, ხმების 0.67% უნდა მიიღოს.  ამ სისტემის დადებითი მხარე არის ის, რომ თითქმის ერთი–ერთში იქნება ასახული პარლამენტში საზოგადოების  განწყობა. ეს, თავის მხრივ, თითქმის შეუძლებელს ხდის იმას, რომ ერთმა პარტიამ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა“, – ამბობს ლევან ნატროშვილი.


ე.წ. გერმანული მოდელი იგივე შერეული (პროპორციულ–მაჟორიტარული) მოდელია
, თუმცა, ამჟამად საქართველოში არსებული სისტემისგან განსხვავებით, აქ მკაცრად არის განსაზღვრული გასანაწილებელი მანდატების ზედა ზღვარი.  მიღებული ხმების რაოდენობის მიუხედავად, მას პარტია ვერ გადააბიჯებს.


ლევან ნატროშვილი ამ მოცემულობას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მაგალითზე განიხილავს.  „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საერთო ხმების 49% მიიღო, პარლამენტში მანდატების 80%  შეხვდა, რაც არასწორია.  პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში შეიყვანა 73 მაჟორიტარი (მოგებული მაჟორიტარული ოლქების შესაბამისად)  და დამატებით მიიღო  მანდატების საერთო რაოდენობის (150) თითქმის ნახევარი, ანუ პროპორციული სიით მის მიერ მიღებული 49%–ის შესაბამისი რაოდენობა.


გერმანული მოდელით კი, აღნიშნული 49%–ისთვის მას  მანდატების საერთო რაოდენობის მხოლოდ ნახევარი   ერგებოდა.  ამაში შედიან მაჟორიტარებიც, რომლებიც გერმანულ მოდელში მანდატების განაწილებისას ხელშეუხებელნი არიან. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“, მოპოვებული ხმების მიხედვით,  კუთვნილი მანდატები ჯერ მაჟორიტარებზე უნდა გადაენაწილებინა, რაც ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგების შემთხვევაში  73 იქნებოდა. დარჩენილი მანდატები კი პროპორციული სიით უნდა შეევსო. ეს  მის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას გამორიცხავდა.



გერმანული მოდელის მიხედვით, თუ პარტიის მიერ  მოპოვებული მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა მიუახლოვდა ან აჭარბებს მის მიერ პროპორციული სიით  მიღებული ხმების შესაბამისად, პარლამენტში მისთვის განსაზღვრული მანდატების  ზედა ზღვარს,  საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით ვერც ერთ  დეპუტატს  ვერ შეიყვანს.


„გერმანული მოდელის შემთხვევაში, პირველ რიგში, უყურებენ რამდენი მანდატი მიიღო პარტიამ მაჟორიტარულ ოლქებში. ამის შემდეგ ივსება საპარლამენტო მანდატების ზედა ზღვარი, პროპორციული წესით მიღებული მანდატების მიხედვით, მაგრამ ისე, რომ ზღვარს ვერ გადააჭარბებენ. ეს არის ერთგვარი გარანტი იმისა, რომ არ იყოს მნიშვნელოვანი განსხვავება მოპოვებულ მხარდაჭერასა და მიღებულ მანდატებს შორის.  ეს მოდელი ამბობს, რომ პირობითად, თუ საზოგადოების 49%–ზე მეტმა არ დაგიჭირა მხარი, პარლამენტში არ უნდა გყავდეს დაახლოებით 75 დეპუტატზე, ანუ ჩვენი რეალობის მიხედვით, 150 დეპუტატის ნახევარზე მეტი. რა თქმა უნდა, შესაძლოა, მეტიც იყოს, ეს მიღებული ხმების რაოდენობაზეა დამოკიდებული,  მაგრამ არა ისე,  როგორც „ქართულმა ოცნებამ“ 2016–ში მიიღო საერთო ხმების  49%, პარლამენტში კი მანდატების 80% შეხვდა.“


ლევან ნატროშვილი უპირატესობას  უპირობოდ პროპორციულ სისტემას ანიჭებს. ის არ იზიარებს შიშებს იმის შესახებ, რომ მრავალპარტიული პარლამენტი ქვეყანაში მუდმივ კრიზისს განაპირობებს.



„ჩვენ შევთანხმდით და საზოგადოებაში ამაზე იყო კონსესუსი, რომ უპირატესია პროპორციული სისტემა. ერთადერთი, შესაძლოა, განსახილველი იყოს 0%–იანი ბარიერი, რომელიც სასურველია ავიდეს 3%–ზე, მაგრამ დიდ პრობლემას ეს არ წარმოადგენს. მთავარი აქ არის ის, რომ პროპორციული სისტემა უზურნველყოფს იმას, რომ ძალის კონცენტრაცია ერთი პარტიის ხელში აღარ მოხდეს, რაც ათწლეულების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენს.  ეს არის ის, რაც  გვინდა, რომ შევცვალოთ. პარტიულ მრავალფეროვნებას გარკვეული რისკი, რა თქმა უნდა, ახლავს, მაგრამ ჩვენს რეალობაში ეს რისკი აპოკალიფსური ვერ იქნება, რადგან,  როგორც წესი,  ჩვენთან ძირითადად, ორი პარტიაა ლიდერი. ამიტომ, უკეთესიც არის თუ დეპუტატები მიეჩვევიან ჯანსაღ კონკურენციას“.

20 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“, დემონსტრანტების სისხლიანი  დარბევის შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაჰპირდა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა.  


14 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ ინიცირებული კანონპროექტი, რომელსაც საზოგადოება საკუთარ მონაპოვრად მიიჩნევდა, ჩაადგო. შედეგად, უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა, ხოლო ოპოზიცია გაერთიანდა სლოგანით „ყველა ერთის წინააღმდეგ“. თბილისსა და დედაქალაქებში ხელახლა დაიწყო საპროტესტო აქციები.  ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ეს დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს. ხელისუფლება ამბობს, რომ პროპორციული საარჩევნო  სისტემა მხოლოდ 2024 წელს ამოქმედდება.

რომელ საარჩევნო სისტემას უჭერენ მხარს ქუთაისში ნახეთ ვიდეოგამოკითხვა.

Print