ვიდეო
ქუთაისელების შეფასებები პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდებაზე - ვიდეოგამოკითხვა
FaceBook

როგორ აფასებენ ქუთაისში პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას - ამ თემაზე ქუთაისიპოსტმა ვიდეოგამოკითხვა ჩაატარა.

"ეს იყო ძლიან მარტივი გათვლა ივანიშვილის მხრიდან. საზოგადოება, სამწუხარდო, მოტყუვდა რაღაც პერიოდით და ჩათვალეს, რომ ივანიშვილი მართლა მოახდენდა 2020 -ზე არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას", - ნახეთ ვიდეოგამოკითხვა:




პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში ხორციელდება. პროექტის მიხედვით, ამოღებულია ჩანაწერი 3%-იან საარჩევნო ბარიერსა და ასევე, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე.

პროპორციული სისტემის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ის, რომ უზრუნველყოფილია სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების სამართლიანი წარმომადგენლობის არჩევა. უფრო კონკრეტულად, პარტიის მიერ მიღებულ მანდატთა რაოდენობა მიღებული ხმების რაოდენობის პროპორციულია. რაც იმას ნიშნავს, რომ გამორიცხულია, პარტია, რომელიც ამომრჩეველთა ხმების ნახევარს მიიღებს, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შევიდეს. გარდა ამისა, ძალიან მცირეა „დაკარგული“ ხმების რაოდენობა

Print