ახალი ამბები
ქუთაისში, გაზის მილს წყალი მიუერთეს
FaceBook

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, #161 კორპუსში  აბონენტმა წყლის გამაცხელებლის თვითნებურად მონტაჟის დროს,  გაზის მილი წყლის მილზე დააერთა.


არასწორი მიერთების შედეგად,  კორპუსში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. ბინაში  ამ დრომდე იგრძნობა გაზის მძაფრი სუნი.

ადგილზე მობილიზებულია  „სოკარ ჯორჯია გაზის“  ჯგუფი, რომელიც დაზიანების აღმოფხვრას ცდილობს.


„აბონენტმა თვითნებურად შეაერთა გაზის და წყლის მილი, რის შედეგადაც ცივი წყალი,  რაც მილში იყო, გადავიდა გაზის მრიცხველში, მრიცხველიდან გადმოვიდა ცენტრალურ მილში და ავტომატურად გადაკეტა გაზი. მალე რომ არ გადაეკეტა, მთელი მაგისტრალი დაზიანდებოდა. ჩვენ  უკვე გავჭერით მილი, საიდანაც  გამოიდევნა წყალი და ახლა ვმუშაობთ, რომ ინდივიდუალურად აღუდგეს აბონენტებს გაზის მიწოდება", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.


თაბუკაშვილის #161 -ში მცხოვრები, რომელმაც  წყალი გაზის მილზე დააერთა, ამბობს, რომ წყლის გამაცხელებლის თვითნებური მონტაჟის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც  ხელოსნებს დაურეკა, თუმცა, არც ერთ მათგანს არ ეცალა.


„ორ ხელოსანს დავურეკე დ არც ერთს არ ეცალა.  მერე მეზობელმა მითხრა მოგეხმარებიო, მეტი რა გზა მქონდა.  რომ შევხედეთ, თითქოს იგივე პრინციპი იყო,  მაგრამ  ასე არ აღმოჩნდა.  რომ მოვუშვით ონკანი, გაზიდან ამოვიდა წყალი. გადავკეტეთ მერე ყველაფერი და გამოვიძახეთ  შესაბამისი სამსახური“.

მომხდარის შედეგად 12 აბონენტს გაზის მრიცხველი დაუზიანდა, რომლებისთვისაც ახალი მრიცხველები იმ აბონენტმა უნდა იყიდოს, რომლის მიზეზითაც მისი მეზობლები დაზარალდნენ.

"სოკარ ჯორჯია გაზში" აცხადებენ, რომ კორპუსში  ბუნებრივი აირის მოწოდება, შესაძლოა, დღის ბოლომდე არ აღდგეს. 



Print
თეგები: #წყალი #გაზი