ახალი ამბები
ჭიათურაში შუქრუთის მაღაროები პარალიზებულია
FaceBook

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მოსახლეობას „ჯორჯიან მანგანეზის" საკუთრებაში არსებული, შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი პარალიზებული აქვს.


მოსახლეობამ აქციები მიმდინარე წლის 7 ნოემბერს განაახლა. ისინი ჩივიან, რომ მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს აზიანებს და კომპანიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ადგილობრივების განმარტებით, მათსა და კომპანიას შორის, სექტემბერში შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ზარალის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო. მოსახლეობა კომპანიას შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

„კომპანია ამბობს, რომ ექსპერტიზა ჩატარდება და ამის შემდეგ გადაწყდება კომპენსაციის საკითხი. მოსახლეობა ამბობს, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ საკითხზე მუშაობაც არ დაუწყია. მუნიციპალიტეტის მთავრობა და კომპანია უნდა დასხდნენ და შეთანხმდნენ, როგორ მოაგვარონ ეს პრობლემა“, - ამბობს პროფკავშირების გართიანების თავმჯდომარე, თამაზ დოლაბერიძე. betsforcrypto.com

მისივე თქმით პარალიზებული მაღაროებით ისევ მუშები დაზარალდებიან  და ხელფასების გაცემის საკითხი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რადგან მოპოვებულ მარგანეცზეა დამოკიდებული მუშების ანაზღაურება.

ქუთაისიპოსტმა შეკითხვებით მიმართა "ჯორჯიან მანგანეზს". კომპანიის პოზიციას პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

Print