ახალი ამბები
ქუთაისის ციხეში მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულია
FaceBook

ქუთაისის ციხეში მყოფი პატიმრის მდგომარეობა, მისი ადვოკატის ილია ჯანელიძის ინფორმაციით,  უკიდერესად  მძიმეა.


ადვოკატის თქმით, პატიმარი 35-ე დღეა მშრალ შიმშილობაზეა და სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარს აცხადებს.


„უმძიმესი მდგომრეობაა, უკვე კრიტიკულია. წონაშია ძალიან დაკლებული და დაბალი წნევა აქვს. შესაძლოა, ფატალური შედეგით დასრულდეს ეს ყველაფერი“,- ამბობს ადვოკატი.

ილია ჯანელიძის თქმით, ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ შიმშილობას მანამდე არ შეწყვეტს, ვიდრე მისი საქმით მაღალჩინოსნები არ  დაინტერესდებიან.

ადვოკატს არ აქვს ზუსტი ინფორმაცია მოინახულა თუ არა პატიმარი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა.

"ვიცი, რომ  შეატყობინეს, მაგრამ ნახა თუ არა ზუსტად არ ვიცი. დღეს უნდა შევხვდე ბრლდებულს და გავიგებ ზუსტ ინფორმაციას".


ქუთაისიპოსტი სახალხო დამცველის აპარატთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა, ომბუდსმენის ადგილობრივ წარმომადგენლობაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

პენიტენციურ სამსხურში კი აცხადებენ, რომ დაწესებულებაში ყოფნის პირობებში პატიმარს გაეწია ექიმის,  ფსიქიატრისა და  თერაპევტის კონსულტაცია.


“პატიმარს ამ ეტაპზე დადგენილი აქვს დიაგნოზი: ოპიოიდების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა, დამოკიდებულების სინდრომი. პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი ბრალდებულს ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას ჯანმრთელობაზე შიმშილობის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ და მოუწოდებს შიმშილობის შეწყვეტისკენ, რაზეც ის უარს აცხადებს. კ.ო. იმყოფება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით“,- აცხადებენ პენიტენციურ დაწესებულებში.

პატიმარი ქუთაისის ციხეში 5 ოქტომბერს გადაიყვნეს. მას ბრალი 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

Print