ახალი ამბები
დღეიდან ქუთაისის მიკროავტობუსებში GPS სისტემა დამონტაჟდება
FaceBook
ქუთაისის საქალაქო მიკროავტობუსებში დღეიდან GPS -სანავიგაციო სისტემა დამონტაჟდება.
პირველ ეტაპზე სისტემის დამონტაჟება ქუთაისის მერიის მიერ ავტოსატრანსპორტო ხაზებზე კონკურსში გამარჯვებულ 96 მიკროავტობუსში მოხდება. ნავიგაციის თანამედროვე სისტემა სულ ქუთაისში მოძრავ 230 მიკროავტობუსში უნდა დამონტაჟდეს.
ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში განმარტავენ, რომ ამ სისტემებით სატრანსპორტო საშუალებების კონტროლს ხელს შეუწყობს.
" GPS სისტემა საშუალებას მოგვცემს ქალაქში მოძრავი თითოეული მიკროავტობუსის გადაადგილების გრაფიკი გაკონტროლებული იქნას," - აღნიშნავს ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების  უფროსი ირაკლი ცხვედიანი.
საქალაქო მიკროავტობუსებში GPS-სანავიგაციო სისტემის დამონტაჟდებისთვის ქუთაისის მერიამ 293 250 ლარის ღირებულების ტენდერი მიმდინარე წლის 31 ივლისს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ კომპანია "I GPS ოპერატორი"-მა მიიღო, რომელიც სამუშაოებს 284 217.9 ლარად შეასრულებს.
სატენდერი პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, უზრუნველყოს 96 სატრანსპორტო საშუალებაზე GPS სისტემების პირველადი სამონტაჟო სამუშაოების შესრულება ხელშეკრულების დადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო შემდგომი მიწოდება განახორციელოს ეტაპობრივად.
ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში განმარტავენ, რომ მომდევნო წელს ქალაქში არსებულ გაჩერებებზე ელექტრონული ტაბლოების დამონტაჟების საკითხიც განიხილება.

დეა მანაგაძე



Print