ახალი ამბები
ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში გოგონებმა იჩხუბეს
FaceBook

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში მეხუთე კლასელი  გოგონები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.


არსებული ინფორმაციით, ერთმა გოგონამ მეორეს ხელი ჰკრა  და კიბიდან დააგორა. ერთ-ერთი ვერსიით,  მოზარდებს შორის კონფლიქტის მიზეზი  შესვენების დროს შემთხვევით შეჯახება გახდა.

მეორე ვერსიით, გოგონები ერთმანეთს ბიჭის  გამო დაუპირისპირდნენ. კონკრეტულად, ერთმა გოგონამ მეორეს იმის გამო მოსთხოვა პასუხი, რომ  ის კინოთეატრში მისთვის ნაცნობ ბიჭთან ერთად წავიდა.


მომხდარის შემდეგ გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკრიანის ინფორმაციით, იგი სახლში მალევე გაწერეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„ჩემი ინფორმაციით, ორი გოგონა შეეჯახა ერთმანეთს, ერთმა კიბის საფეხურს ჩამოკრა ფეხი და გადმოვარდა. იმის მიუხედავად, რომ გოგონას გარეგანი დაზიანება არ აღენიშნებოდა, სკოლის ექიმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. გოგონას სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარეს შესაბამისი გამოკვლევა, თუმცა, მას არც გარეგანი და არც შინაგანი დაზიანებები არ აღენიშნება“, - ამბობს მურად ჯიშკარიანი.


დირექტორის თქმით, დაზარალებული გოგონას ოჯახს პრეტენზიები არ აქვს.


შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით პატრულისთვის არ მიუმართავთ და პოლიცია სკოლაში მედიით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მივიდა.


"ადგილზე მისვლის შემდეგ ფაქტი არ დადასტურდა, შესაბამისად, გამოძიებაც არ დაწყებულა", - განმარტავენ შსს-ში.

 

Print