ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი მოხატეს
FaceBook

წიგნების მთა, ახალგაზრდების სილუეტი, ცისფერი, მწვანე, იასამნისფერი ფერები - ასე გამოიყურება ახლა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი. ძველი კორპუსის გაფერადების იდეა პროექტ "მე უნივერსიტეტის" ფარგლებში გაჩნდა. 

კორპუსის მოხატვის ინიციატივით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკონომიკის სპეციალობის სტუდენტებმა მიმართეს. გრაფიტის ავტორი სტრიტარტისტი დავით აბულაძეა. როგორც იდეის ერთ-ერთი ავტორი, შორენა შენგელია ამბობს, ესკიზი, მხატვართან ერთად, სტუდენტებმა შეიმუშავეს.

,,ნახატის მთავარი არსი ისაა, რომ ეს ადგილი არის ცოდნის წყარო, სადაც შეღწევა შესაძლებელია ისევ და ისევ ცოდნით",  - ამბობს შორენა შენგელია.

პროექტის განხორციელების ობიექტად უნივერსიტეტის მე-18 კორპუსი შემთხვევით არ შეურჩევიათ. ვინაიდან შენობა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მდებარეობს და ადვილად ექცევა მგზავრების თვალთახედვის არეში, სტუდენტებმა მისი პოპულარიზება განიზრახეს. შორენა შენგელიას თქმით, ეს სასწავლო დაწესებულების ცნობადობასა და სტუდენტების მოტივაციას გაზრდის.

"ჩვენი მიზანი იყო  უფრო საინტერესო და სასიამოვნო გაგვეხადა სწავლის პროცესი. კედელზე გამოსახული თანამედროვე ხელოვნების ნიმუშით გავაფერადეთ, გავახალისეთ და სიცოცხლე შევმატეთ ჩვენს კორპუსს, რომელიც ძირითადი შენობისგან მოშორებით მდებარეობს და ხშირად არის სტუდენტთა უკმაყოფილების მიზეზი,'' - ამბობს სტუდენტი.

უნივერსიტეტის კორპუსის მოხატვა 2500 ლარამდე დაჯდა. თანხა სასწავლო დაწესებულების ბიუჯეტიდან გამოიყო. პროოექტი ,,მე უნივესიტეტი'' 2016 წლიდან ხორციელდება. მისი  ძირითადი მიზანი აწსუს განვითარებაში სტუდენტთა ჩართულობის გაზრდაა.


სასწავლო კორპუსის დერეფანი

Print