ახალი ამბები
ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული "პარკინგსერვისი" ოფიციალურად დარეგისტრირდა
FaceBook
ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული კომპანია, რომელსაც პარკირების ადგილები გადაეცემა, საჯარო რეესტრში ოფიციალურად, მიმდინარე წლის 4 სექტემბერს დარეგისტრირდა.

შპს "პარკინგსერვისი" 100%-ით ქუთაისის თვითმმართველობის საკუთრებას წარმოადგენს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ კომპანიის დირექტორის თანამდებობას ირაკლი სარიშვილი დაიკავებს. სარიშვილი ამ დრომდე ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
სარიშვილის ახალ თანამდებობაზე დანიშვნა 3 სექტემბერს გამართულ შპს "პარკინგსერვისის" პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით მოხდა, რომელსაც ქუთაისის მერი, შოთა მურღულია თავმჯდომარეობდა.
შპს "პარკინგსერვისის" საქმიანობას ქალაქის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების ორგანიზების უფლება წარმოადგენს.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის ინფორმაციით, კომპანია თავის ძირითად საქმიანობას მომავალი წლიდან განახორციელებს, მანამდე კი საორგანიზაციო საკითხები იქნება მოგვარებული.
თუ რამდენი თანამშრომელი ეყოლება და რა ოდენობის ბიუჯეტი ექნება "პარკინგსერვისს", ამ დროისთვის როგორც მერიაში აცხადებენ, ინფორმაციას არ ფლობენ.

დეა მანაგაძე

Print