ახალი ამბები
„ჩვენი ბედი ისევ გაურკვეველია!“ - წყალტუბოში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ
FaceBook
წყალტუბოში მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, სანატორიუმების შესყიდვის შემდეგ არ იციან მათ რა ბედი ეწევათ.


მიმდინარე კვირას ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ის აპირებს შეისყიდოს წყალტუბოს 22 სანატორიუმი და 9 ბალნეოლოგიური აბანო.

ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს სანატორიუმებისა და აბანოების გამოსყიდვის გეგმაზე  ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამაც ისაუბრა წყალტუბოში ვიზიტის დროს.


ეკონომიკის მინისტრთან საუბრის სურვილი წყალტუბოს სანატორიუმ ,, მედეაში'' მცხოვრება დევნილებმა გამოთქვეს. მათი ინფორმაციით, ისინი შეხვდნენ მინისტრს,თუმცა მაინც ვერ გაარკვიეს რას უპირებს ხელისუფლება წყალტუბოს იმ სანატორიუმებში მცხოვრებ დევნილებს, რომელ შენობებსაც მალე ბიძინა ივანიშვილი შეიძენს.

სანატორიუმი ,, მედეა'' ერთ-ერთია იმ 22 სანატორიუმიდან, რომელიც მალე ბიძინა ივანიშვილმა უნდა შეისყიდოს.

აღნიშნულ სანატორიუმში მცხოვრები დევნილები დროებითი საცხოვრებელი ადგილის დაცლას ახალი ფართის მიღებამდე არ აპირებენ.

,,გავიგე ივანიშვილი ყიდულობს სანატორიუმებსო, ეს ფართი , რომ დავცალო სხვაგან სად წავიდე?! არსად წასასვლელი არ მაქვს, რას გვიპირებს არ ვიცი,  ჩვენი ბედი ისევ გაურკვეველია.მომცენ ბინა და წავალ რათქმაუნდა, აქ რა გამაჩერებს, თავზე გვენგრევა ყველაფერი, ვინც აქ ვცხოვრობთ ახლა , ყველა წავალთ. თურნავაც იყო ჩამოსული, მაგრამ გადაჭრით არაფერი უთქვამს ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ ფართს არ მოგვცემენ არსად წავალთ'',- ამბობს იძულებით გადაადგილებული სვეტლანა ფუტკარაძე.

ადგილობრივების თქმით, ხელისუფლება დევნილებით მხოლოდ მაშინ ინტერესდება, როცა პიარი სჭირდებათ.


"თავიანთი პიარისთვის მოვიდნენ ახლაც, თორემ ჩვენი მდგომარეობით კი არ დაინტერესებულან. აქ ნაწილს ბინა კი აქვს მიღებული მაგრამ სესხების გამო დაკარგა, ხოლო ნაწილი ველოდებით ნორმალური საცხოვრებლის მიღებას, მოგვცენ ბინა და წავალთ, იძულებით ხომ არ გაგვყრიან აქედან ?!" - ამბობს "მედეაში" მცხოვრები დევნილი

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულები  ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, რეალურად, დევნილების  ბედით არავინ ინტერესდება.

სამაგიეროდ სისტემატურად მიმდინარეობას მათი გადამოწმება.

'' ყოველ ღამე დადიან შემოწმებაზე, ვინ არის ადგილზე და ვინ არა, რამდენი ვცხოვრობთ მუდმივად ამოწმებენ, ვცდილობთ სულ სახლში ვიყოთ, ბინის მიღებაზე ხელი, რომ არ შეგვიშალოს'',- ამბობს სვეტლანა ფუტკარაძე

სანატორიუმ  ,, მედეაში'' დღევანდელი მონაცემებით 30-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

სანატორიუმებისა და სასტუმროების ნაწილში დევნილები 27 წელია შესახლებულები არიან.

რამდენიმე თვის წინ ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ, წყალტუბოში საბჭოთა დროს აშენებული ხუთი სანატორიუმი აუქციონზე გაიტანა. სააგენტოს პირობით გასაყიდ ობიექტებში კვლავ სასტუმროები და სანატორიუმები უნდა მოეწყოს.
ამავე პირობით გაიყიდა გასულ წლებში რამდენიმე სანატორიუმი, მათ შორის -"ივერია" და "მეშახტე".

ხოლო გაცილებით ადრე გასხვისებულ შენობებში, ამჟამად სასტუმრო - დასასვენებელი კომპლექსები ფუნქციონირებს.

გასხვისებული შენობიდან ერთ-ერთია  ,,წყალტუბო სპა რეზორტი'',  რომელიც ყოფილი სსრკ თავდაცვის სამინისტროს სანატორიუმია.

1998 წელს წყალტუბოში 2 218 დევნილი ოჯახი იყო რეგისტრირებული. დღეის მონაცემებით, მათი რიცხვი 564 -ია. დანარჩენი წყალტუბოსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გაასახლეს და ახალი საცხოვრებლით დააკმაყოფილეს.
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლისთვის წყალტუბოში ექვსი ათსართულიანი კურპუსის მშენებლობა დასრულდება, სადაც ძველ სანატორიუმებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეასახლებენ.
წყალტუბოში ამ დროისთვის 5 000 დევნილი ცხოვრობს.

ამავე თემაზე:

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოს სანატორიუმებს ყიდულობს

ეკონომიკის მინისტრი ვერ აკონკრეტებს რა ფასად შეიძენს ბიძინა ივანიშვილი სანატორიუმებს

წყალტუბოს არც ერთ სანატორიუმს და აბანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს



Print