ახალი ამბები
ეკონომიკის მინისტრი ვერ აკონკრეტებს რა ფასად შეიძენს ბიძინა ივანიშვილი სანატორიუმებს
FaceBook

ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს სანატორიუმებისა და აბანოების გამოსყიდვის გეგმაზე  ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ წყალტუბოში ისაუბრა.


მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარე ყველა ასეთი ობიექტის აღდგენაზე იღებს პასუხისმგებლობას, თუმცა, რა ფასად და რა პირობებით გადასცემს  მას სახელმწიფო აღნიშნულ შენობებს, უცნობია.


„ბატონმა ბიძინამ ბრძანა, რომ ის იღებს თავის თავზე ყველა აუცილებელ ხარჯს  და ეს არის არაერთი ასეულობით მილიონი ლარი. ამავდროულად,  ის არის მზად  ნებისმიერ დროს  გადასცეს ეს ობიექტები ყოველგვარი მოგების მიღების გარეშე კერძო ბიზნესს, ვინც იტვირთავს ამ პასუხისმგებლობას. ეს პრაქტიკულად არის ქველმოქმედება. რაც შეეხება ვადებს, პირობებს, ღირებულებას, ეს არის ის დეტალები, რომლებიც შემდგომში დაზუსტდება. ყველაფერი გაკეთდება კანონის შესაბამისად, რომ სახელმწიფოს ინტერესი არ დაზარალდეს“,  - განაცხადა ნათია თურნავამ.


მისივე თქმით, წყალტუბოში ამის საჭიროება დადგა იმიტომ, რომ ამ მიმართულებით ცალკეული ბიზნესის განვითარება  ქალაქისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მინისტრი აღიარებს, რომ სახელმწიფომ მცდელობის მიუხედავად, მიტოვებული სანატორიუმების ფუნქციური დატვირთვა ვერ შეძლო.


„ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა, რომელსაც,  სამწუხაროდ,  მთავრობები  ვერ გაუმკლავდნენ, რადგან ძალიან  დიდ ხარჯებზეა საუბარი. ჩვენ ვცდილობთ, გარკვეული ინფრასტრუქტურაც აშენდა, მაგრამ ამ წლების  მანძილზე ოთხ სანატორიუმზე მეტის პრივატიზება ვერ მოვახერხეთ,  მხოლოდ წერტილოვანი ინიციატივებით მისი აღორძინება არის შეუძლებელი. ცალკეული ბიზნესები ცდილობენ განვითარებას, მაგრამ ეს არ არის ის, რასაც იმსახურებს წყალტუბო“,-განაცხადა მინისტრმა.


მინისტრის განცხადებით,  პირველ ეტაპზე ქალაქში 8000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება,  ჯამში კი 20 000 ადამიანი დასაქმდება. რეაბილიტაციის შემდეგ, წყალტუბოს ერთი მილიონი ტურისტი უნდა ეწვიოს.

ნათია თურნავა წყალტუბოში ერთ-ერთ მიტოვებულ სანატორიუმში მას შემდეგ მივიდა, რაც ცნობილი გახდა ბიძინა ივანიშვილის გეგმა წყალტუბოს, როგორც საკურორტო ზონის განვითარებასთან დაკავშირებით.

Print