ახალი ამბები
ჰიტლერი, კუ კლუქს კლანი და საშინელებათა ფილმების პერსონაჟები - სტუდენტური helloween ქუთაისში (ფოტოები)
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო  უნივერსიტეტში 26 ოქტომბერს გამართულ helloween-ზე სტუდენტების ჩაცმულობამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია.


საზოგადოების ნაწილისთვის, კოსტუმირებული სანახაობა, სადაც სტუდენტები წარმოდგენილი იყვნენ  ჰიტლერისა და რასისტულ-ტერორისტული ორგანიზაციების ფორმებში, ასევე,  განასახიერებდნენ მისტიკურ-საშინელებათა ჟანრის ფილმების პერსონაჟებს,  მიუღებელი აღმოჩნდა. ნაწილი კი პირიქით, თვლის, რომ ამ დღესასწაულის მიზანი  სწორედ ისაა, რომ მასში მონაწილეებმა თავად გადაწყვიტონ ვისი ან რისი განსახიერება სურთ.


უნივერსიტეტის თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ ისინი არც კოსტუმების შერჩევაში და არც კონკრეტული აქტივობის დაგეგმვაში არ ჩარეულან.  ღონისძიება მთლიანად პირველკურსელთა ორგანიზებით განხორციელდა.


სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, ქრისტინა მიქაძე ამბობს, რომ ასეც რომ ყოფილიყო, უნივერსიტეტი სტუდენტებს ვერ უკარნახებდა რა უნდა ჩაეცვათ.


„ეს იყო პირველკურსელის ინიციატივა. მან  ითხოვა helloween-ის ჩატარება და ამაში უნივერსიტეტის დახმარება. რადგან არის ახალი სასწავლო წელი, ინიციატივის ავტორი კი იყო პირველკურსელი, გადავწყვიტეთ  დავხმარებოდით მას ამ იდეის განხორციელებაში, რადგან  შემდგომშიც ჰქონოდა სურვილი მსგავსი  ინიციატივების განხორციელების. რაც შეეხება კოსტუმებს, რთულია ჩაერიო სტუდენტის გადაწყვეტილებაში. უნივერსიტეტი ვერ უკარნახებდა მათ რა უნდა ჩაეცვათ“, - ამბობს ქრისტინა მიქაძე.


helloween-ის ორგანიზება უნივერსიტეტს  5000 ლარი დაუჯდა.










ფოტო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Print
თეგები: #helloween