ახალი ამბები
წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა
FaceBook

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.


მოსამართლემ მას  12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


განაჩენს არ ეთანხმება ივანეიშვილის ადვოკატი და მის გასაჩივრებას აპირებს. 

გრიგოლ  ივანეიშვილის საქმეს,  სასამართლო,   ვაკის რაიონის გამგებლის ყოფილ მოადგილესთან, თეიმურაზ ჩოჩუასთან ერთად განიხილავდა, რომელიც ამავე საქმეზეა დაკავებული. ასევე ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ ჩოჩუას,  მოსამართლის გადაწყვეტილებით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აქედან, სამ  წელს  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაატარებს, ოთხი წელი  კი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება.


წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი ქრთამის აღების ბრალდებით საკრებულოს სხდომაზე 25 იანვარს დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. ამასთან, გრიგოლ ივანეიშვილის ინიციატივით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს.



ამავე თემაზე:

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

Print