პოლიტიკა
ქუთაისის მერიამ შპს-ებისა და ააიპების რაოდენობა გაზარდა  -TI
FaceBook

ქუთაისის მერიამ ბოლო ორ წელიწადში  მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების რაოდენობა და შესაბამისად, მათი შენახვის  ხარჯები გაზარდა.


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თუ ორი წლის წინ მერიას 20 ასეთი ორგანიზაცია და 3749 თანამშრომელი ყავდა, წელს იურიდიული პირების რაოდენობა 22-ია, ხოლო დაწესებულებებში დასაქმებულთა რიცხვი  145-ით არის გაზრდილი.


იმის გამო, რომ იურიდიული პირების ნაწილმა არასამთავრობო ორგანიზაციას მონაცემები არ მიაწოდა, ნაწილი მერიის ინფორმაციით არ ფუნქციონირებს, ნაწილი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება,  კვლევა მხოლოდ 15 დაწესებულებაზე მომზადდა.


კვლევის მიხედვით, 2017 წელს ქუთაისის მერიამ  აიპებისა და შპს-ების ფუნქციონირებისათვის 18  მილიონი  ლარი დახარჯა, 2018 წელს 19 მილიონი   ლარი,  ხოლო  2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით  ეს ხარჯი უკვე 5 მილიონს აჭარბებს.  ორგანიზაციის გამოთვლით, წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტმა ამ მიზნით ჯამში  23 მილიონ ლარზე მეტი უნდა დახარჯოს.


2019 წლის I კვარტლის მონაცემებით, აიპებიდან ყველაზე მეტი - 1657  დასაქმებული ბაგა-ბაღების გაერთიანებას ჰყავს, შრომის ანაზღაურებაც ყველაზე მეტი - 1 821 166 ლარი ამ გაერთიანებამ დახარჯა.


რაც შეეხება შპს-ებს, ყველაზე მეტი - 30  დასაქმებული შპს „საფეხბურთო კლუბ ქუთაისის მართვეს”  ჰყავს, შრომის ანაზღაურებაზე ყველაზე მეტს კი  შპს  “საკალათბურთო კლუბი ქუთაისი -2010”-ი ხარჯავს.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” მოუწოდებს ქუთაისის მერიას შეისწავლოს საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა განხორციელებაც ტენდერის გზით არის შესაძლებელი და მათ შესასრულებლად იურიდიული პირების  არსებობა საჭიროებას არ წარმოადგენს. შესაბამისად, შეამციროს როგორც ადმინისტრაციულ ხარჯები და დაზოგოს საბიუჯეტო სახსრები.


Print