ახალი ამბები
,,ამ გზას ვიღაც შეეწირება''- აღმაშენებლის ქუჩაზე სიჩქარის შემზღუდველი დაზიანებულია
FaceBook

ქუთაისში, სკოლა პროგრესის წინ, სიჩქარის შემზღუდველები  ნაწილობრივ მოშლილია.


ადგილობრივები ამბობენ,  რომ მოწყობილობა წელიწადზე მეტია რაც დაზიანდა. მოსახლეობის თქმით, იმის გამო, რომ გზაზე არც შუქნიშანია, არც ზებრა გადასასვლელი და სიჩქარის შემზღუდველიც მოიშალა, ავტომობილები სწრაფად მოძრაობენ და ქვეითად მოსიარულეებს საფრთხეს უქმნიან.

,,ისე დაუდევრად დაჰქრიან, უეჭველი ვიღაც შეეწირება ამ გზას. ბავშვები ხშირად გადადიან სკოლიდან მარკეტში და მათ რომ ვუყურებ, გული მისკდება. ერთი დღის წინ მოტოციკლი და მაზდა ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, კიარ მოდიადნენ, მოჰქროდნენ. ეს შემზღუდველი ცოტათი მაინც აკავებდათ, ახლა კი ქვეითად მოსიარულენი მუდმივ საფრთხეში ვართ’’, - ამბობს დიანა მამასახლისი.


,,გზა არის ძალიან საშიში. აქ ბავშვები არიან და არ შეიძლება, რომ ასე მოძრაობდნენ. როდესაც გზაზე გადავდივარ, ვცდილობ, სწრაფად მოძრავ ავტომობილს გადავასწრო, რათა მძღოლების დაუდევრობის მსხვერპლი არ გავხდე'',  - ამბობს თეა დეისაძე.


4 წლის წინ, აღმაშენებლისს ქუჩაზე, სკოლა პროგრესის წინ დედა-შვილი დაიღუპა, რის შემდეგაც სიჩქარის შემზღუდველები  მოეწყო.


ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული პრობლემით მოსახლეობამ მერიას უნდა მიმართოს. მერია მათ მიმართვას პატრულს გადაუგზავნის და პატრულის თანხმობის შემთხვევაში საზოგადოების მოთხოვნაც დაკმაყოფილდება.

Print