პოლიტიკა
მაღაროში დაღუპულის ოჯახში ჯანდაცვის მინისტრი მივიდა
FaceBook
მაღაროში დაღუპული ახალგაზრდის ოჯახში ჯანდაცვის მინისტრი იმერეთის გუბერნატორთან და ჭიათურის მერთან ერთად მივიდა.

მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მან ჯერ არ იცის იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დაცული სამუშაო ადგილზე.

მისი თქმით, ადგილზე უკვე გაგზავნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც დეტალებს შეისწავლის. რაც შეეხება საწარმოებში შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს, მინისტრი მიიჩნევს, რომ კანონის ეფექტურად განსახორციელებლად სახელმწიფოს მიერ  კონტროლი საკმარისი არ არის და უნდა მოხდეს როგორც დამსაქმებლის, ასევე, დასაქმებულის ცნობიერების ამაღლება.


"ახლა ვერაფერს გეტყვით  იყო თუ არა  უსაფრთხოების ნორმები დაცული, ინფორმაციის მოსაძიებლად გაგზავნილია უკვე ჯგუფი. რაც შეეხება კანონს,  კანონის გამკაცრება მოხდა და 2019 წლის 1 სექტემბრიდან ის ამოქმედებულია. ჩვენ შრომის ინსპექციასთან ერთად ვახორციელებთ 24 საათიან კონტროლს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან ცნობიერება უნდა იყოს ამაღლებული როგორც კომპანიის, ისე დასაქმებულის, რომ ეფექტური იყოს ჩვენი მუშაობა",-განაცხადა მინისტრმა.

საკმარისად მკაცრია თუ არა კანონი უსაფრთხოების ნორმების დაცვის თვალსაზრისით, გუბერნატორის თქმით, ამის შესახებ სახელმწიფომ გამოძიების შედეგების მიხედვით უნდა იმსჯელოს.

"ძალიან გამკაცრებული გვაქვს შრომის უსაფრთხოების მიმართულება. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, რის გამო მოხდა ეს ფაქტი. როდესაც გამოძიება დადებს დასკვნას, ამის შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ კიდევ უფრო უნდა გავამკაცროთ,  თუ ეს საკმარისია", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს ფინანსურად დაეხმარება.

ჭიათურაში,  დარკვეთის  მაღაროში 29 წლის გიგა ბოჭორიშვილი  გუშინ დაიღუპა.

გარდაცვლილი მაღაროში რამდენიმე თვე მუშაობდა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით, რაც სამთო– სამშენებლო  ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.



ამავე თემაზე:

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

ვინ არის მუშა, რომელიც ჭიათურის მაღაროში დაიღუპა

მაღარო, სადაც მუშა დაიღუპა 2 თვის წინ შემოწმდა - "ჯორჯიან მანგანეზი"

„ეს არის გამოძიების გადასაწყვეტი - კომპანია მაღაროში დაღუპული მუშის ოჯახის კომპენსაციაზე
Print