ახალი ამბები
„ტორპედოს“  მთავარი გუნდი 19 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზე პროტესტის ნიშნად არ გავა
FaceBook

ქუთაისის საფეხბურთო  კლუბ „ტორპედოს“ ძირითადმა ფეხბურთელებმა  გადაწყვეტილება არ შეცვალეს.


გუნდი კვლავ უარს აცხადებს 19 ოქტომბერს „საბურთალოსთან“ დაგეგმილი მატჩის ჩატარებაზე, რის გამოც სამწვრთნელო შტაბი იძულებულია შეხვედრაზე 17 და 19-წლამდე ასაკობრივი შემადგენლობა გაიყვანოს.


როგორც ირკვევა, კლუბში ჯერ არ იციან კიდევ რამდენხანს გაგრძელდება ფეხბურთელების პროტესტი.

„გამომდინარე იქიდან, რომ მთავარ გუნდს ვარჯიში არ განუახლებია, სამწვრთნელო შტაბი იძულებულია მოახლოებულ მატჩში/მატჩებში მოედანზე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები გამოიყვანოს.

რეგლამენტის თანახმად, კლუბს მატჩის განაცხადში მეორე გუნდიდან მხოლოდ 5 ფეხბურთელის შეყვანა შეუძლია. შესაბამისად, “საბურთალოსთან” მატჩისთვის 17 და 19-წლამდე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებიც ემზადებიან“ - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ეროვნული ლიგის XXXI ტურის წინ,  კლუბის დროებით მმართველი თემურ ჩეჩელაშვილი,  მთავარ შემადგენლობას  შეხვდა და შეეცადა ისინი მატჩის   ჩატარებაზე დაეთანხმებია, თუმცა, უშედეგოდ. ფეხბურთელები კლუბში ფინანსური პრობლემების მოგვარებამდე მოედანზე გასვლას არ აპირებენ.


„ტორპედო“ -საბურთალოს“ მატჩი  წყალტუბოში შედგება.


"ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიშის შეწყვეტის შესახებ განცხადება 9 ოქტომბერს გააკეთეს. გუნდმა  კლუბში შექმნილი უმძიმესი ფინანსური კრიზისის გამო, მატჩების ჩატარებაზე უარი განაცხადა.

"ტორპედოში“ რამდენიმე თვეა  ფინანსური კრიზისია. ორი წლის შემდეგ  კლუბი კვლავ ინვესტორის გარეშე დარჩა.


Print