ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ფერის გამო დაწუნებული ჯიპების სატენდერო ღირებულება გაზარდა
FaceBook

ქუთაისის მერიამ, მას შემდეგ, რაც ორი ჯიპის შესაძენად გამოცხადებული 62 000 ლარის ღირებულების  ტენდერი ორჯერ ჩაიშალა,  ავტომანქანების შესაძენი თანხის რაოდენობა გაზარდა.


მერია, ახლა უკვე  მზადაა  მაღალი გამავლობის ჯიპებში  ქალაქის ბიუჯეტიდან 74 000 ლარი გადაიხადოს. 

ამჯერად განსაზღვრული თანხით, გამოდის, რომ ერთი და იგივე მონაცემების მქონე ავტომანქანების ღირებულება  ბოლო თვენახევარში 12 000 ლარით  გაიზარდა. მერიაში ირწმუნებიან, რომ სამივე ტენდერის გამოცხადებამდე ბაზრის კვლევა ჩაატარეს, თუმცა, რატომ ვერ დადგინდა აღნიშნული ავტომობილების რეალური ფასი და რატომ დასჭირდა მერიას ტენდერის სამჯერ გამოცხადება,  უცნობია.

„ყველა ეტაპზე ჩავატარეთ ბაზრის კვლევა. პირველი ტენდერის დროს  მონაცემები ინტერნეტ  გაყიდვებიდან ავიღეთ.   ძირითადად, ასე ხდება ხოლმე,  მაგრამ არასწორი აღმოჩნდა. ლარის კურსსაც ხედავთ როგორ იცვლება“, – ამბობს მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე, თიკო ბერიშვილი.


სინამდვილეში, პირველი ტენდერის ჩაშლის მიზეზი არა თანხის რაოდენობა, არამედ, მანქანების ფერი გახდა. მერიამ ტენდერის ერთადერთ პრეტენდენტს,  ფიზიკური პირს,  ლევან თოფჩიშვილს დისკალიფიკაცია იმის გამო მისცა, რომ   თოფჩიშვილი  მერიას მწვანე და ლურჯი ფერის  ჯიპებს სთავაზობდა და არა სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ ვერცხლისფერ, რუხ, ნაცრისფერ ან შავ ავტომანქანებს.  მეორედ გამოცხადებულ ტენდერში კი მონაწილეობა არავინ მიიღო.

ქუთაისის მერია ახლა მესამე ტენდერის  (NAT190019452)  შედეგებს ელოდება, სადაც წინადადების მიღება 16 ოქტომბერს მთავრდება.

მერიაში ჯერ არ იციან კონკრეტულად ვინ უნდა ისარგებლოს ჯიპებით, რომელშიც 74 000 ლარს იხდიან. აცხადებენ, რომ ავტომანქანებს მერიის ავტოპარკისთვის  ყიდულობენ და მას საჭიროების მიხედვით მოიხმარენ. 

შესყიდვების კანონი მუნიციპალიტეტებს ტენდერების გამოცხადებას არ უზღუდავს, შესაბამისად, მერიას ბოლოს გამოცხადებული ტენდერის ჩაშლის შემთხვევაში, კიდევ აქვს შესაძლებლობა მაღალი გამავლობის ჯიპების შეძენა სცადოს.



ჩაშლილი და არშემდგარი ტენდერები ქუთაისის მერიაში ხშირი პრაქტიკაა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, გამოცხადებული 258 ტენდერიდან 87 არ შედგა ან  უარყოფითი შედეგით დასრულდა.

ამ მონაცემებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს ხუთით უსწრებს.  ფაქტია, რომ წლიდან წლამდე, გამოცდილების ზრდის  პარალელურად, ჩაშლილი ტენდერების რაოდენობა კლების ნაცვლად იმატებს.


არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია  ჩაშლილი ტენდერების უკან მუნიციპალიტეტის არაკომპეტენტურობასა და კორუფციის ნიშნებს ხედავს.

Print