ახალი ამბები
„მასწავლებლებს შორის ინტრიგებს ხლართავდა“ – წყალტუბოს სკოლის დირექტორი ყოფილ მოადგილეზე
FaceBook

წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის დირექტორი,  მისი ყოფილი მოადგილის ბრალდებებზე, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის შესახებ, ვრცელ განმარტებას ქუთაისიპოსტთან აკეთებს.


გიორგი ბენიძე  ყველა ბრალდებას უარყოფს და მის ყოფილ მოადგილეს ცილისმწამებელს უწოდებს.



მისი თქმით, ყოფილი მოადგილე აკაკი ტყეშელაშვილი სკოლაში პედაგოგებს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობდა, ხელოვნურად ქმნიდა დაძაბულობას, კონკრეტულ პედაგოგებს აშინებდა კიდეც, რაც  საბოლოოდ მისი  თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი  გახდა, თუმცა, ის ამ დრომდე რჩება სკოლაში პედაგოგად.



„აკაკი ტყეშელაშვილის გათავისუფლებას საფუძვლად უდევს სკოლის პედაგოგთა წერილობითი მოთხოვნა. უარვყოფ იმას,  რომ ის გათავისუფლებული არის პოლიტიკური ნიშით, ან რესურსცენტრის უფროსის, მამუკა ჩხეტიანის დავალებით. ეს არ არის მხოლოდ ტყუილი, ეს არის ცილისწამება. ბატონმა აკაკიმ დაარღვია სკოლის შინაგანაწესის ის მუხლები, რომლებზეც ახლა დავა მიდის სასამართლოში. მე პირადად შესწრებული ვარ პედაგოგებს შორის ნეგატიურ დამოკიდებულებას, გარჩევებს, ბუნდოვანებას, რაღაცეების ერთმანეთზე დაბრალებას და როგორც ამიხსნეს, ეს  ყველაფერი მოდიოდა ბატონი აკაკისგან, რომელიც იყენებდა თავის თანამდებობას როგორც პრივილეგიას“, - აცხადებს გიორგი ბენიძე.


სკოლის დირექტორი მის ყოფილ მოადგილეს სკოლის რეპუტაციის შელახვასა  და  მოსწავლეთა კონტიგენტის შემცირებაშიც ადანაშაულებს.



„ხდებოდა კოლეგებზე მორალური ზეწოლა, ინტრიგების ქსელის ხლართვა, მათი დაშინება, რომ თუ არ გააკეთებდნენ  კონკრეტულ საქმეს, პრობლემები შეექმნებოდათ სკოლაში, ამ  დაძაბული ატმოსფეროს შემსწრე  იყვნენ  მოსწავლეები. ეს ამბავი შემდეგ ცდებოდა სკოლის კედლებს და უარყოფითად მოქმედებდა სკოლის ავტორიტეტზე.  თუ 2015 წელს მზარდი იყო პირველკლასელთა რაოდენობა, 2019 წელს ყველაზე დაბალია“, - ამბობს გიორგი ბენიძე.


ამავდროულად, სკოლის დირექტორი მის ყოფილ მოაგდილეს, პროფესიულად დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ აკაკი ტყეშელაშვილს  წლების განმავლობაში მადლობაც  და ფულადი ჯილდოც აქვს მიღებული.



„ვაღიარებ,  რომ ამ ოთხი წლის მანძილზე კომპეტენტურად მუშაობდა, მას არაერთი მადლობა და ფულადი ჯილდოც აქვს აღებული, მაგრამ ეს არ არის იმუნიტეტი სხვისი უფლებების შელახვის დროს“, - აცხადებს გიორგი ბენიძე.



წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, აკაკი ტყეშელაშვილმა რვა ოქტომბერს პრესკლუბ „მედიარუმში“ განაცხადა, რომ სკოლის დირექტორი, გიორგი ბენიძე  და წყალტუბოს განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი, მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას ახორციელებენ და სწორედ ამ საფუძვლით დაატოვებინეს დირექტორის მოადგილის პოსტი.



მათ შორის დაძაბულობა კი სკოლაში უხარისხოდ  გაკეთებული გათბობის სისტემის გამო დაიწყო, რასაც ტყეშელაშვილი აპროტესტებდა.  ბრიფინგზე ტყეშელაშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ  მის მიმართ უკმაყოფილება განსაკუთრებით მას შემდეგ  გაიზარდა,  რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ იმ უბანზე, სადაც თავად ცხოვრობს,  ოპოზიციამ გაიმარჯვა.


აკაკი ტყეშელაშვილმა პოსტიდან გათავისუფლების შესახებ  ბრძანება უკვე გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.


მხარეები ახლა მორიგ სხდომას ელოდებიან.

Print