პოლიტიკა
ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა
FaceBook
ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, კიდევ ერთი მუშა დაიღუპა.
ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს.

41 წლის დასაქმებულს (თ.ჩ) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის - ჩინეთის რკინიგზის 23_ე ბიუროს კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის სპეციალისტების წინასწარი მოკვლევის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის მხრიდან დარღვეულია სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების უსაფრთხოების ნორმა და სტანდარტები.

"ჩინეთის რკინიგზის 23_ე ბიუროს ადმინისტრაციის მხრიდან, ამ დრომდე არ არის შესრულებული წლების განმავლობაში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების მიერ, შრომის უსაფრთხოების კუთხით გაცემული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლეს უდიდეს საფრთხეს უქმნის",- აცხადებენ რკინიგზელთა ახალ პროფკავშირში.

მათივე თქმით, ამ დრომდე სასამართლოს წარმოებაშია ორი მუშის საქმე, რომელიც აღნიშნულ გვირაბში, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად დასახიჩრდნენ.

მათ სამართლებრივ ინტერესებს, სამივე ინსტანციის სასამართლოში, პროფკავშირი წარმოადგენს. 

პროფკავშირში აცხადებენ, რო  კომპანიის მხრიდან ასევე იგნორირებულია სხვადასხვა პერიოდში გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები, არ სრულდება შრომის ინსპექციის მიერ გაცემული რეკომენდაციებიც, მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ, ადგილზე დასაქმებული ადამიანების სიცოცხლე, დღემდე რისკის ქვეშაა.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს რკინიგზას, როგორც დამკვეთ ორგანიზაციას, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოს კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც უკვე წლებია დემონსტრაციულად არღვევს ქვეყანაში მოქმედ ყველა სტანდარტს და რეალურ საფრთხეს უქმნის რკინიგზელების სიცოცხლეს.

პროფკავშირი ასევე მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და კომპანია დაისაჯოს უმკაცრესად.
Print