ახალი ამბები
სოფლის რწმუნებულები საჯარო მოხელეები აღარ იქნებიან
FaceBook

„საჯარო სამსახურის“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, სოფლის რწმუნებულები საჯარო მოხელეების სტატუსს კარგავენ.


იცვლება სამსახურში მათი მიღების წესიც და ფორმაც. თუ აქამდე რწმუნებულები კონკურსის საფუძველზე  უვადოდ ინიშნებოდნენ, ამიერიდან მათ მუნიციპალიტეტის მერი, მისივე უფლებამოსილების ვადის შესაბამისად წარადგენს.  მერზე იქნება დამოკიდებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლება.

 

სოფლის რწმუნებულებისთვის სტატუსის შეცვლაში მნიშვნელოვან რისკებს ხედავს   „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ცვლილებით სოფლის რწმუნებული სრულად ხდება მუნიციპალიტეტის მერზე დამოკიდებული და მის  ერთგვარ ასისტენტადაც იქცევა.  იმის გათვალისწინებით კი, რომ  რწმუნებული სოფელში ერთადერთ საჯარო მოხელეს წარმოადგენს, სტატუსის შეცვლის შემთხვევაში,  იზრდება მისი ვიწრო პოლიტიკური მიზნებით გამოყენების რისკები და შესაძლოა, ის წინასაარჩევნო პერიოდში ერთგვარ  რესურსადაც კი, შეიძლება იქნეს გამოყენებული.


„მერის წარმომადგენლებს ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვთ სოფლის მოსახლეობაში არსებული სოციალური მდგომარეობის და პოლიტიკური განწყობების შესახებ, ხოლო სოფლის მოსახლეობისთვის ხშირად სახელმწიფოს ერთადერთი წარმომადგენელები არიან, რომელთანაც  პრობლემების შესახებ კომუნიკაციის შესაძლებლობა აქვს. ამ გარემოებების ფონზე თანამდებობის მზარდი პოლიტიზაცია ქმნის მაღალ ალბათობას, რომ ის წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური მიზნებისთვის კიდევ უფრო აქტიურად იქნება გამოყენებული და საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვნად დააზიანებს“, - მიიჩნევენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“.

არასამთავრობო ორგანიზაციაში, ასევე, თვლიან, რომ რწმუნებულის სამსახურში აყვანა კვლავ უნდა ხდებოდეს უვადოდ, რადგან  მერის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები მოიცავს ისეთ ფუნქციებს, რომელთა აუცილებლობაც სოფელში მუდმივად დგას და არ არის დამოკიდებული მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების ცვლილებაზე.


Print