ახალი ამბები
წყალტუბოში მცხოვრებ ოჯახს სოციალური შემწეობა ხარის ყოლის გამო მოუხსნეს
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ საყულიაში მცხოვრებ ლეილა გოგონაძეს სოციალური შემწეობა მსხვილფეხა საქონლის, ხარის, გამო მოუხსნეს.

ლეილა გოგონაძის ოჯახი სოციალურ დახმარებას 2006 წლიდან იღებდა. თუმცა, როგორც ოჯახის უფროსი ამბობს, მათ ფულადი შემწეობის მიღება 2018 წლიდან შეუწყვიტეს. ამ დროისათვის ხუთსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ოჯახის უხუცესი წევრის მისი 200 ლარიანი პენსიაა. 

"კურდღლები მყავდა და რომ მოვიდნენ შესამოწმებლად ასე თქვეს, ამას თხები ჰყოლიაო. აი, იმ პატარა ბავშვის 10 ლარიანი დახმარება არ მომცეს. დედამისი წასულია საზღვარგარეთ სამუშაოდ. ერთი სათბური მაქვს, მაგრამ რად გინდა? წელს არაფერმა არ ივარგა", - ამბობს ლეილა გოგონაძე. 

სოციალური მომსახურების სააგენტო ქუთაისის სერვის ცენტრში ადასტურებენ, რომ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დახმარების მიღებაზე გავლენას ახდენს, თუმცა აღნიშნავენ, რომ გოგონაძის ოჯახის სოციალური მდგომარეობის ტავიდან გადახედვა შეიძლება, თუკი სააგენტოს ისევ მიმარტავენ. 


"შინამეურნეობა ახდენს გავლენას, რა თქმა უნდა, ქულაზე. 2011 წელს გაუუქმდა აღნიშნულ პიროვნებას შემწეობა, თუმცა ხელახლა მომართვა შეუძლია", - ამბობს სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი, ნინო ჭიღლაძე.

იმერეთის რეგიონში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა - 6,600 ადამიანია.

რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი სოციალური დახმარება?

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
Print