პოლიტიკა
„სპექტაკლი ადამიანის მეტამორფოზაზეა“- მესხიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან
FaceBook

მესხიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან.


27 სექტემბერს წარმოდგენილი იქნება ჯონ პატრიკის „ძვირფასი პამელა“ ორმოქმედებიანი სპექტაკლი,  რომლის დადგმას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე განახორციელებს.

 

„ძვირფასი პამელა“ კომედიაა, თუმცა სპექტაკლის რეჟისორი თვლის, რომ  ამ სპექტაკლში პრაქტიკულად ყველა ჟანრი იყრის თავს და მაყურებელი ვერც ერთ ჟანრს ვერ მოისაკლისებს.


„სპექტაკლში გაერთიანებულია თითქმის ყველა ჟანრი: დრამა, ტრაგედია, მელოდრამა, ზღაპარი, დეტექტივი, შესაბამისად ამის  დადგმაც და თამაშიც არის რთული და პასუხისმგებლობას, ნიჭს და სხვა ენერგეტიკას მოითხოვს, თუ ეს ყველაფერი შედგა, ღირებული მხატვრული ნაწარმოები იქნება. ამიტომ „პამელაზე“ მუშაობა რამდენადაც რთულია,  იმდენად საპატიოა“, - ამბობს სპექტაკლის რეჟისორი.


სპექტაკლის ავტორების თქმით „პამელა“ ბიბლიურ და მარადიულ  თემებს ეხმიანება და ამით თანამედროვე ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სათქმელს აჟღერებს.

„ბიბლიური ფასეულობებით არის დატვირთული პიესა. მოყვასის სიყვარული მისთვის თავგანწირვა, ადამიანების მეტამორფოზაა, რომელიც ნებისმიერ ასაკსა და მდგომარეობაშია შესაძლებელი,  რადგან არ არსებობს ბოლომდე ბოროტი ადამიანი და ა.შ. სპექტაკლი სწორედ ამაზეა. მასში საუბარია ბევრ იმ  ბიბლიური ფასეულობაზე,  რომელიც სამწუხაროდ ასე გვაკლია დღევანდელ საზოგადოებას“, - ამბობს კოტე აბაშიძე.


27 სექტემბერს, 19:00 საათზე  პრემიერასთან ერთად გაიხსნება ახალი თეატრალური სეზონიც.

სეზონთან და თეატრის ასაკთან დაკავშირებით კოტე აბაშიძეს  შესწორება შეაქვს და აღიშნავს, რომ თეატრი ხსნის თავის არა 135-ე სეზონს, არამედ - 157-ეს.

„სანამ ოფიციალურად დაფუძნდებოდა  ქუთაისის თეატრი,  მანამდე 22 წელი არსებობდა. მეფის რუსეთს ბოლოსდაბოლოს მოუწია და იძულებული გახდა ეღიარებინა თეატრი, როგორც იურიდიული ინსტიტუცია.  ამას წინ უძღოდა მამულიშვილთა და ხელოვანთა მოღვაწეობა და ბრძოლა, რამაც იძულებული გახადა მეფის რუსეთი დათმობაზე წასულიყო და ოფიციალურად ეღიარებინა ქუთაისის თეატრი. ამიტომ,  მესხიშვილის თეატრში არა 135-ე სეზონი, არამედ  157-ე სეზონი გაიხსნა“, - აღნიშნა კოტე აბაშიძემ.


თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით,  თეატრში შვიდ სპექტაკლზე მუშაობენ.  გეგმავენ ოთხ საგასტროლო გასვლას და ელოდებიან ორ სტუმარ თეატრს უცხოეთიდან.


Print