ახალი ამბები
"ის, რაც ტყიბულში ხდება, არის მიუღებელი"– გიორგი გახარია
FaceBook

პრემიერმა მთავრობის სხდომა ტყიბულში განვითარებულ მოვლენებზე საუბრით დაიწყო.


 

გიორგი გახარიამ მიუღებლად შეაფასა ადგილზე არსებული ვითარება და განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევები ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს.

პრემიერმა დღესვე ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას ტყიბულში ჩასვლა დაავალა და უთხრა, რომ ის უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი, რათა პრობლემა მოგვარდეს.


„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ის, რაც ტყიბულში ხდება არის მიუღებელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემები წლების განმავლობაში გროვდებოდა, მსგავს შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია სრულფასოვნად შეასრულოს  როგორც თავისი საფინანსო–სახელფასო ვალდებულებები, ასევე, შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ,  ეკონომიკის მინისტრი გაემგზავრება ადგილზე.  ის გაემგზავრება არა გარემოებებისა და საქმის  გასაცნობად, არამედ, პრობლემის მოსაგვარებლად. მინდა ვთხოვო ქალბატონ ნათიას, რომ  იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი და მკაცრი, რომ ჩვენ დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები“,–განაცხადა პრემიერმა.


მან ასევე, აღნიშნა, რომ სახელმწიფო გვერდით უდგას ბიზნესს, თუმცა, დამსაქმებელმა  უნდა გაითვალისწინოს დასაქმებულების  სოციალური ინტერესები  და პასუხისმგებლობით შეასრულოს თავისი ვალდებულებები.


ტყიბულში დღეს დილიდან მეშახტეების პროტესტი  განახლდა.  30–მდემეშახტე, რომლებიც პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდიან, შიმშილობას აგრძელებს, ხოლო, მათი ნაწილი საპროტესტო აქციას ტყიბულის მერიის შენობის წინ მართავს.   მეშახტეები აგვისტოს თვის ხელფასს და შახტის შემდგომი მუშაობის საკითხის გარკვევას ითხოვენ. მათი თქმით, ვიდრე ეს ორი საკითხი არ გადაწყდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.


მეშახტეებმა
უკვე გაუგზავნეს სამპუნქტიანი მიმართვა პრემიერ–მინისტრს, სადაც მეშახტეების პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში პროტესტის რადიკალური ფორმების გამოყენების შესახებ აფრთხილებენ.


გაფიცულ მეშახტეებს სოლიდარობას უცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა. მათმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად 25 სექტემბერს შვილები სკოლაში არ გაუშვა.


მეშახტეების
მხარდასაჭერად აქციაზე ჩამოვიდნენ ჭიათურის მაღაროს თანამშრომლებიც.

Print